დაუჯდომელი მიცვალებულთა სულთა შეწევნისათვის

სახელითა მამისაჲთა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა. ამინ.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ. ჩვენ. ამინ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდამყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩვენ (3-ჯერ და მცირე მეტანია 3-ჯერ).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩვენ; უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა , ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისაჲ მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა (მეტანია).



50-ე ფსალმუნი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა, და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

მიუწთომელითა განგებულებითა შენითა, სამარადისოჲსა საშუებელისათჳს სოფლისა განმამზადებელო, რომელმან სიღრმითა განგებულებათა შენთაჲთა უწყი კაცად-კაცადისა საზღვარი და წესი და განგებაჲ ცხორებისა მათისაჲ, შენ, უფალო, მიუტევენ საუკუნითგან გარდაცვალებულთა ყოველნივე შეცოდებანი მათნი, დააწესენ იგინი სიხარულსა და ნათელსა მართალთასა, წიაღთა მამისათა მიიქუ შენდა მოლტოლვილნი და შეისმინე ჩუენი, რომელნი აღვასრულებთ ჴსენებასა მათსა და ვგალობთ:
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

იკოსი 1

რაჟამს მოავლინე, უფალო, ქუეყნად მხოლოდშობილი ძე შენი, რომელმან იჴსნა წარწყმედისაგან ადამ დანთქმული და მისთანა პირველმოწყუედილნი კაცნი, გამოგვიბრწყინვე ჩუენ ჯუარითა და აღდგომითა მისითა ცხორებაჲ უოხჭნოჲ, ვინაჲცა მსასოებელნი შენთა მათ წყალობათა უფსკრულთანი, მოლოდებითა უხრწნელისა მის შენისა სასუფეველისა, ვითხოვთ მონიჭებასა მისსა მიცვალებულთათჳს და გევედრებით: მიჰმადლე სიხარული სულთა მიცვალებულთასა, რომელთა იტანჯნეს საწუთოსა ამას შინა ჭირთა და სალმობათაგან, ღირს-ყვენ იგინი დაცხრომად სულთქუმათა და მწუხარებათა მათთასა, შეივედრე, უფალო, იგინი წიაღთა შინა შენთა, ვითარცა შეივედრებს დედაჲ შვილთა თჳსთა და არქუ მათ: „მოგეტევნეს თქვენ შეცოდებანი თქუენნი“. მიიხუნე იგინი, უფალო, ნეტარსა და მყუდროსა ნავთსაყუდელსა შენსა, რაჲთა მარადის იხარებდენ საღმრთოჲთა მით დიდებითა შენითა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 2

ელვარებითა უზესთაეს განბრძნობილსა ღირსსა მაკარის ჴმობდა თავისა ქალაჲ წარმართისაჲ: „ოდეს ჰყოფთ ლოცვასა, ჯოჯოხეთს შინა ტანჯულნიცა წარმართნი, ნუგეშინისცემულ იქმნებიან“. ჵ საკჳრველო ძალო ლოცვათა ქრისტეანეთაო, რომელთა მიერ ქუესკნელისანიცა წუთღა ლხინებულ იქმნებიან, რაჟამს ყოვლისა ქუეყანისათჳს ვღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 2

თქუა ოდესმე ღირსმან მამამან ისაკ ასურმან: „გული აღვსილი კეთილმოწლეობითა კაცთათჳს, პირუტყვთათჳს და ყოველთა დაბადებულთათჳს ყოველსა ჟამსა ცრემლოჲსა და ლოცვითა ღაღადებს, რაჲთა დაცულ იქმნენ და განიწმიდნენ“. ეგრეთვე ჩუენცა ყოველნი, საუკუნითგან გარდაცვალებულთათჳს კადნიერებით ვჴმობთ უფლისა მიმართ: მოგუმადლე, უფალო, მგზნებარე იგი ნიჭი ლოცვისაჲ მიცვალებულთა მათთჳს, მოიხსენე, უფალო, ყოველნი, რომელთა გუამცნეს ჩვენ უღირსთა, მოჴსენებაჲ მათი ლოცვათა შინა ჩუენთა; მიუტევენ მათ მათგანვე დავიწყებული იგი ცოდვანი მათნი; მოიხსენე, უფალო, თჳნიერ ლოცვისა დაფლულნი, მიიხუენ იგი სამკჳდრებელსა შინა შენსა მოულოდებელისა ჭირისა ანუ თუ საწუთოჲსა სიხარულისა მიერ სიკუდილითა მით მეყსეულითა გარდაცვალებულნი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 3

ბრალეულ ვართ ჭირისათჳს სოფლისა, ვითარცა მრავალცოდვილნი, რამეთუ ცოდვასა შინა დაცემითა განიბძარა ნეტარებაჲ და შუენიერებაჲ ღმრთისა მიერ შექმნულთაჲ. ჵ, რომელი-ეგე უდიდეს ხარ შორის ყოველთა მათ უბრალო ტანჯულთასა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელსა მხოლოსა ძალგიძს მიტევებაჲ ცოდვათაჲ, აწცა მიუტევენ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა მათ კაცთა ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნულნი და მოანიჭე ქუეყანასა ამას პირველქმნულნი განგებულებაჲ შენი კეთილი, რაჲთა ყოველნი ერთობით ღაღადებდენ: ალილუია.

იკოსი 3

ნათელო მხიარულო, გამომსყიდველო ყოვლისა სოფლისაო, აჰა, ესერა გუესმის ჯუარისაგან ღაღადებაჲ შენი, აღვლენილი მტერთა შენთათჳს: „მამაო, მიუტევე მათ“. მიმხედველნი შენისა მიმტევებლობისანი კადნიერებით ვევედრებით მამასა ჩუენსა ზეცათასა გონიერყოფისათჳს მტერთა შენთასა და ვჴმობთ შენდამი: მოგჳტევენ, უფალო, ჩუენცა, რომელთა სისხლი უბრალოჲ ვღვარეთ და ამის მიერ გზაჲ საწუთოჲსა ამის ცხორებისა ჩუენისაჲ აღვავსეთ მწუხარებითა, ხოლო კეთილდღეობაჲ ჩუენი მოყუასთა ჩუენთა ზედა ვაშენეთ. ნუ დასჯი, მეუფეო, მდევნელთა ჩუენთა, რომელნი ბოროტად ცილსა გუწამებენ ჩუენ, და მიაგე მათ მოწყალებითა შენითა, რომელთა მოგაგეს შენ კიცხევაჲ და შეურაცხისყოფაჲ უმეცრებითა თჳსითა. აჰა, ესერა ლოცვაჲ ესე წმიდაჲ, გონიერყოფისათჳს მათისა აღვლენილი, იყოს წარმართებულ საიდუმლოჲთა ამით წინადაგებისაჲთა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 4

აცხოვნენ, უფალო, ყოველნი მართლმადიდებელნი - ტანჯვითა აღსრულებულნი, მოკლულნი, ცოცხლებით დაფლულნი, ყოველნი, რომელნი დაჰფარნა წყალმან და დასცნა ბრძოლამან, და ძრვამან, და სრვამან, და სიყმილმან, ცეცხლმან შემწუველმან, რომელნი მჴეცთაგან და ქუეწარმავალთა და მფრინველთა მიერ იქმნეს განლეულნი და რომელნი ყინელითა დაიზრნენ, და ყოველნი მაღლით ქუეშთამოვარდნითა აღესრულნენ, დააწესენ, უფალო, სულნი მათნი საუკუნოსა მას სახარულევანსა ადგილსა შენსა, რაჲთა გაკურთხევდენ შენ, მრავალმოწყალესა ღმერთსა ჩუენსა, და ღაღადებდენ: ალილუია.

იკოსი 4

ყოველთა, სიჭაბუკესა შინა საფლავსა შთანთქმულთა, რომელნი საწუთოჲსა ამის ეკლითა მოწყლულ იქმნენ, უხუებითა მოწყალებისა შენისაჲთა მიაგენ მათ უფსკრული სიყუარულისა შენისაჲ, უფალო, და მიჰმადლენ მისაგებელი შენი ყოველთა, რომელნი სამძიმოჲსა მის დაშრომისაგან გარდაიცვალნენ, საშუებელსა სამოთხისასა დააწესენ იგინი - ყრმანი და ქალწულნი, და ღირს-ყვენ იგინი ძისა შენისა სერობისა მხიარულებასა. ნუგეშინისმცემელ-ექმენ, უფალო, მშობელთა, რომელნიცა იურვიან გარდაცვალებულთა მათ შვილთა მათთაჳს, განუსუენენ სულთა მათ უმემკჳდროდ აღსრულებულთასა, რომელთათჳს არავინ არს, ვინმცა ვინ ლოცვაჲ აღავლინა შენდამი, სოფლისა შემოქმედისა. ამისთჳსცა გევედრებით, ბრწყინვალებითა მით მრავალმოწყალებისა შენისაჲთა განაქარვენ ცოდვანი მათნი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 5

ნიშად უოხჭნოდ გულისჴმისყოფისა და სინანულისა მოცემულ არს ჩუენდა სიკუდილი, უფალო. მრისხანებითა ელვარებისა მისისაჲთა ამაოებაჲ საწუთოჲსა ამის შიშუელ-იქმნების, რაჟამს დასცხრებიან ჴორციელნი ვნებანი და ტანჯვანი ჩუენნი, რაჟამს მდაბალ-იქმნების გონებაჲ ურჩი, და რაჟამს კაცად-კაცადნი, ცოდვითა დანთქმულნი და უსასო ქმნილნი, სარეცელსა ზედა სიკუდილისასა აღუარებენ საუკუნოსა მას არსებასა შენსა და შენისა მოწყალებისა მიმართ ღაღადებენ: ალილუია.

იკოსი 5

მამაო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო, მზითა განმაბრწყინვებელო, ნაყოფითა დამატკბობელო და განმამხიარულებელო ჩუენო შუენიერებითა სოფლისაჲთა, გურწამს, რამეთუ მოწყალებაჲ შენი, რომლითა ჩუენ ცოდვილთა მარადღე გუწყალობ, არასადა დაილევის მერმისაცა შინა ცხორებასა ჩუენსა, ხოლო შევწუხენით მათთჳს, რომელნი უშჯულოებითა და მძჳნვარებითა აგინებენ სიწმიდეთა შენთა. ჰყავ, უფალო, მათ ზედაცა ნებაჲ შენი გონიერმყოფელი და სინანულად მიმყვანებელი, და გევედრებით, უფალო, დააცხრვე ალი ცოდვათა მათთა უფსკრულსა შინა წყალობისა შენისასა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.



კონდაკი 6

საშინელ არს სიბნელე სულისა, ღმრთისაგან განშორებულისა, სჳნდისისა ქენჯნაჲ, კბილთა ღრჭენაჲ, ცეცხლი დაუშრეტელი და მატლი დაუძინებელი. ვძრწი ეგევითარისა მისაგებელისათჳს, და ვითარცა თავისა თჳსისათჳს, გევედრები მათთჳს, უფალო, რაჲთა ცუარად მაგრილობელად ექმნეს მათ გალობაჲ ჩუენი: ალილუია.

იკოსი 6

მსხდომარეთა მათ ბნელსა შინა გამოუბრწყინდა ნათელი შენი, ქრისტე ღმეთო ჩუენო, - მსხდომარეთა ჯოჯოხეთსა შინა და აჩრდილთა ქუეშე სიკუდილისათა - რამეთუ შთაჰჴედ რაჲ ჯოჯოხეთად, აღმომყვანებელ ექმენ ყოველთა მუნ მყოფთა სულთა მართალთასა, რომელთაცა არა უვარ-გყვეს შენ. აწცა მოხედენ სულთა ამათ მართლმადიდებლობით აღსრულებულთასა, და ეყავნ მათ სიყუარული შენი არა ცეცხლად შემწუველად, არამედ საგრილად სამოთხისა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 7

შეეწიენ, უფალო, მარჯუენითა შენითა მათ, რომელნი ჰზრუნვენ გარდაცვალებულთა მონათა და მჴევალთა შენთათჳს და მიეც მათ წადიერებაჲ ლოცვისა, რაჲთა მოიჴსენებდენ სულთა მიცვალებულთა მონათა და მჴევალთა შენთასა, იქმოდენ საქმეთა კეთილთა და იღუწიდენ მათთჳს ღაღადებით: ალილუია.

იკოსი 7

კათოლიკე ეკლესიაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მარადღე დაუცხრომელად აღავლენს სოფელსა ამას შინა ლოცვასა სულთათჳს მიცვალებულთასა, რამეთუ ვინაჲთგან სისხლითა მით საუფლოჲთა განიწმიდნეს ცოდვანი სოფლისანი, სიკუდილისაგან ცხორებად და ქუეყანისაგან ზეცად, წინაშე ღმრთისა საკურთხეველისა აღწევნასა სასოებენ სულნი მართლმადიდებლობით გარდაცვალებულთანი. შეიწყალენ იგინი, უფალო, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, რომელნი დღითი-დღე დაუცხრომელად ღაღადებენ შენდამი. მიითუალენ, უფალო, ვედრებანი და მოწყალებანი ჩუენნი მათთჳს აღვლენილნი, ვითარცა მოჴსენებაჲ მათ მიერთა ქმნულთა ღმრთისსათნოთა საქმეთანი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 8

საწუთოჲ ესე სოფელი საფლავი არს ზოგადი. აჰა, ესერა ყოვლით კერძო არს ფერფლი და ნაცარი მამათა და ძმათა ჩუენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, შენ მხოლოო კაცთმოყუარეო, მიუტევენ საუკუნითგან გარდაცვალებულთა მათ მართლმადიდებელთა მონათა და მჴევალთა შენთა შეცოდებანი მათნი, რაჲთა ერთობით გიღაღადებდენ: ალილუია.

იკოსი 8

მოვალს დღჱ, ვითარცა ღუმელი მჴურვალე ყოვლისშემწუველი, დღჱ იგი უკუანაჲსკნელი დიდებულისა მის და საშინელისა სამსჯავროჲსა, სადა განცხადენ კაცად-კაცადთა საიდუმლონი და განეხუნენ წიგნნი სჳნდისისანი: „დაეგენით ღმერთსა - ღაღადებს მოციქული პავლე, -დაეგენით, ვიდრე მოვალს დღჱ იგი საშინელისა სამსჯავროჲსაჲ“. განგუაძლიერენ, ღმერთო, რაჲთა ცრემლთა მიერ ჩუენ ცოცხალთაჲთა შემწე ვექმნნეთ სულთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და ექმნას მათ ჟამსა უკუანაჲსკნელისა სამსჯავროჲსა ანგელოზისა მის საყჳრისა ჴმაჲ კეთილმაუწყებელად ცხოვნებისა და ღირს-ჰყვენ იგინი სახარულევანსა შეწყალებასა შენსა, დიდებითა გჳრგჳნოსან-ჰყვენ, უფალო, მართლმადიდებლობით აღსრულებულნი და დაჰფარენ სახიერებითა შენითაშეცოდებანი უძლურებათა მათთანი. უფალო, მცნობელო ყოველთაო, რომელნი სახელითა შენითა გხადოდიან შენ, მოიჴსენენ მონაზონნი შენნი, მოძღუარნი კურთხეულნი და სამწყოსნი მათნი, რომელნი მოიცვალნეს შენდა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 9

ლოცვა ყავთ ჟამსა ამას მსწრაფლწარმავალსა, ყოველსა წუთსა, ყოველსა წამსა, რომელიცა მიგვაახლებს საუკუნოსა, რამეთუ ახალი სალმობაჲ ყოველი და ახალი მჴცე გუაუწყებს განჴრწნადობასა ჴორცთა ჩუენთასა და აღგუძრავს ჩუენ ძიებად საუკუნოსა მის სასუფეველისა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქმაჲ, არამედ სახარულევანი გალობაჲ ესრეთ: ალილუია.

იკოსი 9

ვითარცა ხესა ჟამითი-ჟამად დასცჳვენ ფოთოლნი თჳსნი, ეგრეთვე დღენიცა ცხორებისა ჩუენისანი ჟამთა წარჴდომითა მოკლებასა შინა არიან, რაჟამს დაჭნების განცხრომაჲ სიჭაბუკისა, დაშრტების ლამპარი იგი სიხარულისა და მოიწევის მარტოდმყოფობაჲ სიბერისა, რამეთუ ნათესავნი და მეგობარნი მიიცვალებიან. სადა იყოფვით ყრმანო მედღესასწაულენო?! უტყუ არიან საფლავნი მათნი, ხოლო სულნი მათნი მარჯუენესა შინა შენსა ჰგიენ. გულისჴმა-ვყოთ მოლოდებასა მათსა უნივთოსა მას სამკჳდრებელსა. უფალო, რომელი-ეგე ხარ მზე უნათლესი, განატფენ და განანათლენ სულნი მართლმადიდებლობით აღსრულებულთანი და ღირს-გუყვენ ჩუენ სახარულევანსა შეკრებასა ჩუენსა ცათა შინა, რაჲთა ერთობით გადიდებდეთ შენ. მიჰმადლე მათ ჩჩჳლობისა სიწმიდესა და ჭაბუკობისა უზრუნველობასა კუალად გებაჲ და ეყავნ მათ დღესასწაული იგი პასექისაჲ ცხორებად საუკუნოდ.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 10

დადინებულ არიან ცრემლნი ჩუენნი საფლავსა ზედა ნათესავთა ჩუენთასა; სასოებითა გევედრებით და იმედნეულად გიღაღადებთ: გუამცენ ჩუენ, უფალო, მიტევებისათჳს ცოდვათა მათთასა და განუცხადე სულთა ჩუენთა, საიდუმლოჲთა მით გამოცხადებითა შენითა, ესე ყოველი, რაჲთა გიღაღადებდეთ: ალილუია.

იკოსი 10

რაჟამს გულისჴმა-ვყოფ წარსულსა მას გზასა ცხორებისა ჩუენისასა, მივხედავ კაცად-კაცადთა სიმრავლესა საუკუნითგან დღესამომდე გარდაცვალებულთასა და ღმრთისსათნოთა მათ საქმეთა მათთა და გიღაღადებ: ღირს-ყვენ, უფალო, ცათა შინა დიდებასა შენსა მშობელნი და მახლობელნი ჩემნი, რომელნიცა მღჳძარე არიან ყრმობისა ჩემისა სასთუნალსა ზედა, მზრდელნი და გამომზრდელნი ჩემნი. განადიდენ, უფალო, წინაშე წმიდათა ანგელოზთა ყოველნი, რომელთაცა მახარეს მე სიტყუაჲ, სიკეთე და სიმართლე მაცხოვარებისა და წმიდითა მით ცხორებითა თჳსითა განმსწავლეს მე. დაატკბე, უფალო, ცხორებაჲ მათი, ვინაჲცა ვითარცა მანანაჲ ზეცათა, ესრეთ მომევლინე იგი სალმობათა შინა ჩემთა, ყოველთა კეთილისმყოფელთა და სათნომყოფელთა მიაგე, უფალო, და აცხოვნენ იგინი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 11

სადა არს სიკუდილო საწერტელი შენი, სადა არს წყუდიადი და საშინელებაჲ შენი წინანდელი? ამიერითგან სასურველ ხარ შენ მართალთათჳს, ვითარცა განუყოფელად ღმრთისა შემაერთებელი. ჵ სიმშჳდეო დიდო საიდუმლოჲსა შაბათისაო, რამეთუ „სურვიელ ვართ, რაჲთა მოვკუდეთ და ქრისტეს თანა ვიყოფვოდეთ“ -სიტყჳსაებრ მოციქულისა; ამისთჳს ჩუენცა, რომელნი ვხედავთ სიკუდილსა, ვითარცა გზასა მას, მიმყუანებელსა საუკუნოდ, ღაღად-ვჰყოთ: ალილუია.

იკოსი 11

აღდგენ მკუდარნი და მყოფნი საფლავთა შინა და იხარებდენ მართალნი, რამეთუ აღდგენ იგინი უჴრწნელნი, ნათლად განდიდებულნი. ჵ განჴმელნო ძუალნო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: „აჰა, მე მოვიყუანო თქუენ ზედა სული ცხორებისა და მივსცე თქუენ ზედა ტყავი და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განცოცხლდეთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი“.
აღდგენ ძუელთა მათ ჟამთაგან ძისა მიერ ღმრთისა სყიდულნი და სიკუდილითა მისითა განჴსნილნი, რომელთა გამოუბრწყინდა ნათელი იგი აღდგომისა; აწცა განახუენ მათთჳს, უფალო, უფსკრულნი შენისა სისრულისანი, რომელნი-ეგე ჰნათობდი მათთჳს სინათლითა მზისა და მთოვარისაჲთა, რაჲთა იხილონ მათ ნათელი იგი დაუღამებელი შენისა ღმრთეებისა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 12

ვერ დაიმკჳდროს სასუფეველი ღმრთისა ჴრწნადმან ამან ჴორცმან და სისხლმან ჩუენმან. ამისთჳსცა ვიდრეღა ვიყოფვით ჴორცთა შინა, განშორებულ ვართ სასუფეველისაგან ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲსა, და დაღაცათუ მოვკუდებით, განვცოცხლდებით, უკუეთუ ღირს-ვიყოთ საუკუნოჲსა მის ცხორებისათჳს, რამეთუ ჯერ არს შემოსად უჴრწნელებაჲ ჴრწნადისა მის წილ ჴორცთა ჩუენთაჲსა და მოკუდავისა მის წილ შემოსად უკუდავებაჲ, რაჲთა ვგალობდეთ ცხორებასა მას შინა დაუღამებელისა ნათლისასა: ალილუია.

იკოსი 12

მოველით მიგებებასა უფლისა მიმართ, მოველით აღდგომისა ნათელსა ცისკროვანსა, მოველით აღდგომასა საფლავთაგან ნათესავთა და მახლობელთა ჩუენთასა, ვსასოებთ განცხოველებასა მათსა უკეთილკრძალულესსა შუენიერებასა შინა; მოწევნადსა ცვალებასა ყოვლისა დაბადებულისასა წინავდღესასწაულობთ და შემოქმედისა ჩუენისადმი ვღაღადებთ: უფალო, რომელმან სახიერებითა შენითა დაჰბადე ყოველი, და აჰა, ესერა კეთილ-იყო ფრიად, რომელი-ეგე ხარ ჩუენ, დანთქმულთა უფსკრულსა ცოდვისასა, განწმედილი და აღმადგინებელი. მიეც სუფევაჲ სულთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთასა ახალსა შინა ცხორებასა, ცათა შინა განაბრწყინვენ იგინი, ვითარცა მნათობნი, კრავად საღმრთოდ ექმენ მათ შენდა დღედ დაუღამებალად; მოგუმადლენ ჩუენცა, უფალო, რაჲთა შევერთნეთ დაუსრულებელსა მას სიხარულსა მათსა და მათ თანა ვდღესასწაულობდეთ პასექსა უჴრწნელებისასა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 13

ჵ მამაო დაუსაბამოო და ყოვლადმოწყალეო, რომელსა გენება რაჲ ცხორებაჲ ყოველთა კაცთა წარწყმედულთა, მოუვლინე მათ ძე შენი და მიჰფინე მათ ზედა სული შენი ცხოველსმყოფელი, შეიწყალენ, მიუტევენ და აცხოვნენ ნათესავნი და მახლობელნი ჩუენნი და ყოველნი საუკუნითგან გარდაცვალებულნი და მოიხილე ჩუენ ცოდვილთა ზედა, რაჲთა შენ, მაცხოვარსა ღმერთსა ჩუენსა, მათ თანა გიღაღადებდეთ ძლევისა გალობასა: ალილუია.

(ეს კონდაკი 3-ჯერ)

 

იკოსი 1

რაჟამს მოავლინე, უფალო, ქუეყნად მხოლოდშობილი ძე შენი, რომელმან იჴსნა წარწყმედისაგან ადამ დანთქმული და მისთანა პირველმოწყუედილნი კაცნი, გამოგვიბრწყინვე ჩუენ ჯუარითა და აღდგომითა მისითა ცხორებაჲ უოხჭნოჲ, ვინაჲცა მსასოებელნი შენთა მათ წყალობათა უფსკრულთანი, მოლოდებითა უხრწნელისა მის შენისა სასუფეველისა, ვითხოვთ მონიჭებასა მისსა მიცვალებულთათჳს და გევედრებით: მიჰმადლე სიხარული სულთა მიცვალებულთასა, რომელთა იტანჯნეს საწუთოსა ამას შინა ჭირთა და სალმობათაგან, ღირს-ყვენ იგინი დაცხრომად სულთქუმათა და მწუხარებათა მათთასა, შეივედრე, უფალო, იგინი წიაღთა შინა შენთა, ვითარცა შეივედრებს დედაჲ შვილთა თჳსთა და არქუ მათ: „მოგეტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“. მიიხუნე იგინი, უფალო, ნეტარსა და მყუდროსა ნავთსაყუდელსა შენსა, რაჲთა მარადის იხარებდენ საღმრთოჲთა მით დიდებითა შენითა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 1

მიუწთომელითა განგებულებითა შენითა, სამარადისოჲსა საშუებელისათჳს სოფლისა განმამზადებელო, რომელმან სიღრმითა განგებულებათა შენთაჲთა უწყი კაცად-კაცადისა საზღვარი და წესი და განგებაჲ ცხორებისა მათისაჲ, შენ, უფალო, მიუტევენ საუკუნითგან გარდაცვალებულთა ყოველნივე შეცოდებანი მათნი, დააწესენ იგინი სიხარულსა და ნათელსა მართალთასა, წიაღთა მამისათა მიიქუ შენდა მოლტოლვილნი და შეისმინე ჩუენი, რომელნი აღვასრულებთ ჴსენებასა მათსა და ვგალობთ:
უფალო, სიყუარულო გამოუთქუმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

სავედრებელი ლოცვა

ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან ჩუენთჳს ჯვარცმაჲ და სიკუდილი დაითმინე, რომელმან წარმოსტყუენე ჯოჯოხეთისა იგი ძალი და შენ თანა აღადგინე პირველმომწყდარნი კაცნი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, რომელი ცხოველთა და მკუდართა ზედა ჰჴელმწიფებ და რომელმან სიბრძნით ჰქმენ ყოველივე, რომელმან მოგვივლინენ ჩუენ წინაჲსწარმეტყუელნი, რაჲთა გუაუწყონ მოსვლაჲ შენი, რომლისა დიდებაჲ ჰქადაგეს მოციქულთა, ხოლო სხუათა განანათლნეს წარმართნი ნათლისღებითა, და მოწამეთა შენთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისაჲ და შენდამი ვედრებასა შესწირვენ და ჩუენცა ვჴმობთ მათ თანა:
განუსვენე, ღმერთო, სულთა მონათა და მჴევალთა შენთასა, რომელნიცა სარწმუნოებით მოიცვალნეს შენდა, განუსვენე მათ საყოფელსა ცხოველთასა, სადა არა არს ჭირი, მწუხარებაჲ და სულთქუმაჲ, განსწმიდე ვითარცა კაცთმოყვარემან და იჴსენ საუკუნოსა სასჯელისაგან მამანი და მამის მამანი, პაპანი და პაპის პაპანი და პირველშობილთაგან უკუანაჲსკნელამდე, მოწესენი, ერისკაცნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ქუაბთა და უდაბნოთა აღსრულებულნი, რომელთა შეისუენეს სალმობათა მიერ და გარეშე სალმობისა, სიხარულისა მიერ და წუხილისა, განუსვენე, ქრისტე მაცხოვარ, წყალობით, რომელნი გესვიდეს შენ და რომელნი წარიტაცნეს მჴეცთა და პირუტყუთა მიერ და რომელნი მოსრნა ყინელმან, სეტყუამან, თოვლმან და წვიმათა, და ღუართა, და ნაფშუენმან, და დაფარნა ქუეყანამან; აჴოცენ, მეუფეო, თანანადებნი ყოველთა ტომთა და ნათესავთანი ყოველსა ჰასაკსა შინა შენდა შეცოდებულთანი, აჴოცენ, მაცხოვარ, და ღირს-ჰყვენ დაუსჯელად წარდგომად წინაშე საყდართა შენთა.
რაჟამს განიკითხვიდე ყოველთა, წინაშე პირსა შენსა მდგომარეთა შიშუელთა; რაჟამს უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა ანგელოზთა შენთა დაჰსცენ საყჳრსა აღდგომად ცხორებისად ყოველთა მორწმუნეთა; საშინელსა მეორედ მოსვლასა შენსა მარჯუენეთა მათ თანა დაადგინენ, მჴსნელო, რომელთა-იგი გმონებს სოფელსა ამას შინა მართლმადიდებლობით და მოიცვალნეს შენდა წადიერებით, სიტყჳსგებაჲ სათნოჲ და კეთილი მიჰმადლე მათ.
ღირს-ჰყვენ ყოველნი, ხატად შენდა შექმნილნი, უფალო, აღმასრულებელნი ცხოველსმყოფელთა შენთა მცნებათანი სასუფეველსა შენსა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა. ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოიხსენე, უფალო, სული გარდაცვალებულთა მონათა შენთა

მიცვალებულთა მოხსენების სარგებლობაზე

კუნძულ კვიპროსზე მცხოვრები ერთი ახალგაზრდა დაატყვევეს, სპარსეთში წაიყვანეს და იქ ციხეში ჩასვეს. ყმაწვილის მშობლებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო მათი შვილი, ბოლოს კი ვინმე კაცისაგან შეიტყვეს, რომ იგი გარდაიცვალა და მწუხარებით აღვსილებმა დაიწყეს მისი სულის მოხსენიება შობას, აღდგომასა და სულიწმიდის მოფენის დღეს. გავიდა ოთხი წელი. ამასობაში ყმაწვილმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და კვლავ თავის მშობლიურ კუნძულს დაუბრუნდა. უზომოდ გახარებული და აღტაცებაში მოსული დედ-მამა გადაეხვივნენ შვილს. უზომო იყო სიხარულით გამოწვეული მათი ცრემლები. როდესაც მღელვარება მცირედ ჩაცხრა, მშობლებმა უთხრეს შვილს: - „ჩვენ შევიტყვეთ, საყვარელო შვილო, რომ ვითომ შენ მოკვდი და ღმერთს შენი სულის განსვენებაზე ვევედრებოდით“.
- რომელ თვეში და რომელ დღეს მიხსენიებდით? - იკითხა ყმაწვილმა, და როდესაც დედ-მამისაგან მისი სულის მოხსენიების დრო შეიტყო, გაკვირვებით წამოიძახა: „ჰოი, საყვარელნო მშობელნო! ამის გამო რამდენი სიკეთე მომაგეთ მე... ყოველ ამ დღეებში მოდიოდა ჩემთან კაცი, შემხსნიდა ბორკილებს და გამომიშვებდა ხოლმე საპყრობილედან, ეს კი ისე ხდებოდა, რომ მას ჩემს მეტი ვერავინ ხედავდა, ხოლო მეორე დღეს კი მე ისევ საპყრობილესა და ბორკილებში აღმოვჩნდებოდი“.
ქრისტიანენო! ევედრეთ ღმერთს გარდაცვალებულთა თქვენთა ნათესავთათვის, ევედრეთ ყოველ გარდაცვალებულთა ქრისტიანეთათვის, რადგანაც ამის გამო სული უდიდეს ნუგეშინისცემას მიიღებს.

 

დაგვიტოვეთ მღვდელი

ერთი მღვდელი ლიტურგიაზე განსაკუთრებული გულმოდგინებით მოიხსენიებდა გარდაცვლილებს. თუკი ვინმე ერთხელ მაინც მიაწვდიდა მოსახსენიებელს, მიცვალებულთა სახელებს ჩუმად ჩაიწერდა თავის აღაპში და ყოველ წირვაზე იხსენიებდა. ამიტომ ლიტურგია ყოველთვის დიდხანს გრძელდებოდა და მრევლი ხშირად ჩიოდა კიდეც ამის გამო. მაგრამ მღვდელს სხვანაირად არ შეეძლო...
და აი, ერთხელ ისეთ ცდომილებაში ჩავარდა, რომ განკვეთაც კი ემუქრებოდა. საქმე მიტროპოლიტ ფილარეტს გადაეცა. როდესაც უწმიდესს რეზოლუციაზე ხელი უნდა მოეწერა, თითებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, წერა ვეღარ შეძლო და საქმე მეორე დღისთვის გადადო.
ღამით კი საოცარი სიზმარი ნახა: სარკმლის წინ უამრავ სხვადასხვა ასაკისა თუ წოდების ადამიანს მოეყარა თავი. მიტროპოლიტს ევედრებოდნენ:
- ჩვენ, განსვენებულთა სულები, თხოვნით მოგევლინეთ: ნუ გაგვწირავთ ტანჯვისათვის, ნუ განკვეთთ მღვდელს, დაგვიტოვეთ ჩვენი სულების საოხად!..
ხილულით შეძრწუნებულმა მიტროპოლიტმა სასწრაფოდ დაიბარა მღვდელი. როცა საუბრისას მიცვალებულთა მოხსენიების მისეული წესის შესახებ შეიტყო, სხვა ტაძარში გადაყვანა აკმარა, მანამდე კი უცნაურ შუამდგომლობაზე უამბო.

* * *

ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენიებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.

* * *

მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის, თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულთათვის.

* * *

წმინდა ათანასია იღუმენიამ (მისი ხსენება 12 აპრილსაა) გარდაცვალების წინ თავისი მონასტრის დედებს ანდერძად დაუბარა, როცა მოვკვდები, ორმოც დღემდე გლახაკებისთვის ტრაპეზი გააწყვეთ ხოლმეო. მოხდა ისე, რომ დედებმა მხოლოდ ათ დღეს შეასრულეს წინამძღვრის ანდერძი. ასეთმა ურჩობამ და უდებებამ აიძულა წმინდა დედა, მათთან მისულიყო - რამდენიმე მონაზონს გამოეცხადა ორ ანგელოზთან ერთად და მკაცრად ჰკითხა: - რატომ არ ასრულებთ ჩემს ანდერძს? იცოდეთ, თუ ვინმე მიცვალებულისთვის ორმოც დღეს მოწყალებას გასცემს და მშიერს დააპურებს, ამით დააპურებს, ამით მოწყალეს გახდის უფალს. თუ მიცვალებულნი ცოდვილნი იყვნენ, ამით ღმერთი მათ მიუტევებს ცოდვებს, ხოლო თუ ცოდვები არ ჰქონდათ, მათთვის გაღებული სიკეთე სიკეთის მქმნელს სულის ხსნაში შეეწევაო.

* * *

დიდი მადლია უფლის წინაშე ღატაკი და უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა. ვინმე მაგისტრიანე მეფემ რაღაც საქმეზე გაგზავნა. გზად მიგდებული შიშველი მიცვალებული ნახა. შეეწყალა ძალიან, მონა წინ გაუშვა, მოიხსნა მოსასხამი და მიცვალებულს გადააფარა. საკმაო დრო გავიდა ამის შემდეგ. მეფემ ახლა სხვა დავალებით გაუშვა. გზად უბედურება შეემთხვა, ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მოიწვია ექიმები. რადგან არაფერი ეშველებოდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, მეორე დღეს ფეხი მოეკვეთათ. მარტოდ დარჩენილი მაგისტრიანე მწარედ ატირდა. შუაღამე იყო, კანდელი ენთო. ამ დროს ოთახში უცნობი შემოვიდა და ჰკითხა, - რატომ ტირიო. ხვალ ფეხი უნდა მომკვეთონო, - უთხრა მაგისტრიანემ. უცნობმა სთხოვა, ფეხი მაჩვენეო. შემდეგ კი, მიუხედავად ავადმყოფის უარისა, ფეხზე წამოაყენა - დამეყრდენი და გაიარე, შენ უკვე ჯანმრთელი ხარო. მაგისტრიანემ თამამად გაიარა. განცვიფრებულმა ჰკითხა უცნობს: ჩემთან გამომგზავნელი ღმერთის გულისთვის, მითხარი ვინა ხარო. უცნობმა უთხრა: - შემომხედე, ჩემი მოსასხამი ხომ არ გეცნობაო. კი, ჩემიაო, - მიუგო მაგისტრიანემ. მაშინ უცნობმა ბრძანა: - მე ის ვარ, შენ რომ მიცვალებული ნახე, შეგეწყალა შიშველი და მოსასხამი გადააფარე. ამ კეთილი საქმისთვის ღმერთმა შენს განსაკურნებლად გამომგზავნა და ამისთვის მადლობდე უფალსო. უცნობი გაქრა და სრულიად განკურნებულმა მაგისტრიანემ ადიდა ღმერთი.

* * *

დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ჰყვებოდა 1870 წელს: კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი მომითხროო: „მამაჩემი, საუბედუროდ, უეცრად გარდაიცვალა, აღსარება-ზიარების გარეშე. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი და წირვაში, კვეთისას მოხსენიებას ვთხოვდი მოძღვრებს. მეორმოცე დღეს ვხედავ ბნელ ადგილას მდგომ მამაჩემს, ტანად ძალზე დაბალია. უეცრად მეუბნება: პარასკევა, მე ცოცხალი ვარო! კი მაგრამ, ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ-მეთქი, - ვკითხე. პატარა ვარ ჩემი ცოდვებისა გამო, - მიპასუხა, - ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა, გამოკვება, განსაკუთრებით ნუ დაივიწყებ წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას და გავიზრდებიო. საბოლოოდ კი ხმამაღლა მითხრა: - ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარო, - და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა“.

* * *

დიდად პატივცემული ათონელი ბერი, მამა მ-ი ჰყვებოდა: ძალზე მიყვარს მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ სამშობლოდან, შორეული რუსეთიდან, ჩემი ახლო მეგობრის ქოლერით გარდაცვალება შემატყობინეს. შემეწყალა, განსაკუთრებულად ვლოცულობდი მისთვის კელიაშიც და ტაძარშიც, კვეთისას მის სახელზე ნაწილს ვიღებდი სეფისკვერიდან. ცოტა ხანში სიზმარი ვნახე: აღმოვჩნდი მშვენიერ ბაღში, ლამაზი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. იქვე კოხტა სახლებს მოვკარი თვალი. მივუახლოვდი. იქიდან ჩემი ქოლერით გარდაცვლილი მეგობარი გამოვიდა. ძმაო, შენ აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი, - შევეკითხე. ეს ადგილი ღმერთმა გვიბოძა მე და ქოლერით მოწყვეტილ სხვა ქრისტიანებს და ახლა მეზობლად ვცხოვრობთო, - მიპასუხა. იცი, შენთვის ვლოცულობ და გიხსენიებ-მეთქი. გამიღიმა - ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება, გმადლობ შენ ყველაფრისთვის. ძალიან კარგია და გვახარებს, როცა ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემენ ანდა პროსკომიდიაზე (წირვაზე, კვეთისას) გვიხსენიებენ, როცა ჩვენთვის ფსალმუნს კითხულობენ. ფსალმუნთა კითხვა დიდად გვეხმარება, მასში ხომ ცა და ქვეყანაა გაერთიანებულიო. მითხარი, საყვარელო, - შევეკითხე გარდაცვლილს, - მოწყალების გაცემა, პროსკომიდიაზე მოხსენიება და ფსალმუნთა კითხვა - ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი შეგეწევათ და გსიამოვნებთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ყველაზე აღმატებული, ძვირფასი და სასურველი ჩვენთვის პროსკომიდიაა, რომელსაც ჩვენ აქ „გოლგოთის მსხვერპლს“ ვეძახითო. მეგობრის ბოლო სიტყვებთან ერთად თითქოს ცეცხლი შემოვიდა ჩემს გულში და ცვილივით დამადნო.

ვიკა ივლევას ~ომის აპოთეოზი~ თბილისში 10 აგვისტოს დაიხურება.

ვიკა ივლევა _ მსოფლიოს მშვიდობის დესპანი. ის მხოლოდ იმისთვის დაიბადა, რომ მსოფლიოში ომი არ იყოს. ასე აფასებენ რუსი ფოტოხელოვანის შემოქმედებას კრიტიკოსები. ისიც, მას შემდეგ, რაც ფოტოხელოვნების ხიბლი იგრძნო, ყველაფერს აკეთებს, რომ ომის აგრესია, ომით გამოწვეული ტკივილები ასახოს და ადამიანებს მშვიდობისკენ მოუწოდოს. მას ამისთვის ყოველთვის სცალია. შვიდი თვის ფეხმძიმე ალბანეთში ჩავიდა და ომის წინა ხაზზე მეომარივით იბრძოდა, ფოტოაპარატით ცდილობდა სისხლისღვრის შეჩერებას. მას შემდგე მრავალი წელი გავიდა და მან მსოფლიოს ყველა კონფლიქტური ზონა მოიარა. ავღანეთი, უგანდა, ტაჯიკეთი.. ის იყო ერთადერთი ჟურნალისტი , ვინც ჩერნობილის ავარიის ადგილზე ჩავიდა და იქ არსებული მდგომარეობა ასახა. მისმა ფოტორეპორტაჟმა ტრაგედიის ადგილიდან მსოფლიო ფოტოჟურნალისტიკის სფეროში უმაღლესი ჯილდო _ ~ოქროს თვალი~ დაიმსახურა. დღეს ვიქტორია ივლევა თბილისშია. მან აქ, თავის საყვარელ ქალაქში გამოფენა სახელად _ ომის აპოთეოზი ჩამოიტანა. გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა მასპინძლობს. ეს ფოტოხელოვანის მეორე ვიზიტია ჩვენს დედაქალქში და მიუხედავად ამისა, მსოფლიომოვლილი მშვიდობის დესპანი ცრემლებს ვერ იკავებს _ ცრემლებს მ სიყვარულის გამო, რომელსაც ქართველი ხალხი მის მიმართ იჩენს. ცრემლებს ვერ ვიკავებ. მეკითხებიან ბედნიერი ხარ თუ არა თბილისში სტუმრობითო. მაგრამ მე ვპასუხობ _ ეს ბედნიერებაზე მეტია. თბილისში ხომ მუდამ ყველა უყვართ. მით უმეტეს ეს ემოცია ძალიან ძლიერია აგვისტოს ომის მერე და მწამს, რომ ამ სიყვარულს წინ ომიც ვერ აღუდგება. ვიკა ივლევას ~ომის აპოთეოზი~ თბილისში 10 აგვისტოს დაიხურება.

მიცვალებულთა დაკრძალვის წესი

დაკრძალვის წესი

მიცვალებულის განბანვა და შემოსვა. არც ერთი ხალხი ზრუნვის გარეშე არ ტოვებდა თავის გარდაცვლილთა ცხედარს, ამასთან, დაკრძალვა ყოველთვის შესაფერისი წესით ხდებოდა.
ქრისტეს წმინდა სარწმუნოება გვასწავლის პატივისცემით ვუყუროთ ქრისტიან ადამიანს მაშინაც, როცა იგი გაასრულებს თავისი ცხოვრების გზას. მკვდარი ქრისტიანი_ სიკვდილის ნადავლი, ხრწნის მსხვერპლია, მაგრამ ის მაინც ქრისტეს სხეულის ასოა (იხ. 1 კორინთელთა 12; 27). მისი სხეული კურთხეულია ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივ ხორცთან და სისხლთან ზიარებით. შეიძლება, რომ შეურაცხვჰყოთ სული წმინდა, რომლის ტაძარიც იყონ გარდაცვლილი? ადრე თუ გვიან, ქრისტიანის მკვდარი და ხრწნადი სხეული კვლავ გაცოცხლდება და შეიმოსება უხრწნელებით და უკვდავებით. ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია არ სტოვებს თავის შვილს დედობრივი მზრუნველობის გარეშე მაშინაც კი, როცა ის გადასულია ამა სოფლიდან შორეულ და უცნობ, მარადიულობის ქვეყანაში.
მართლმადიდებელი ქრისტიანის გარდაცვალებისას, ეკლესიის მიერ აღსრულებულ ლოცვებს აქვს თავისი ღრმა აზრი. წმინდა სარწმუნოების შთაგონებაზე დაფუძნებულნი, ისინი სათავეს იღებენ ღმრთივ განათლებული მოციქულებისა და პირველი ქრისტიანებისაგან.
მიცვალებულის ცხედარს სიკვდილისთანავე განბანენ, ამასთან განბანვა უნდა შეეხოს სხეულის ყველა ნაწილს, _ დაწყებული თავიდან. ის აღესრულება გარდაცვლილის ცხოვრების უბიწოების და სულიერი სიწმინდის ნიშნად, აგრეთვე იმისათვის, რათა მან შესძლოს სიწმინდით წარსდგეს უფლის წინაშე _ აღდგომისას.
ცხედრის განბანვის დროს კითხულობენ ~სამწმინდა არსს~: ~წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ~. სახლში ინთება ლამპარი (კანდელი) ან სანთელი, რომელიც ანთია მანამ, სანამ მიცვალებული იქ იმყოფება.
განსაბანი წყალი უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი, რათა არ დავალბოთ იგი (მიცვალებულის სხეული). ამ დროს უნდა ვისარგებლოთ საპნით, რბილი ნაჭრით (ან ღრუბლით). ჩვეულებრივ, განბანვას ასრულებენ უფროსი ასაკის ადამიანები, ხოლო თუ ასეთი არ აღმოჩნდება, მაშინ განბანვა ქალსაც შეუძლია.
განბანვის შემდეგ, ქრისტიანის ცხედარს შემოსავენ ახალ და სუფთა სამოსში. ახალი სამოსი თითქოსდა მიანიშნებს ჩვენი უხრწნელობისა და უკვდავების ახალ სამოსელზე. თუ ადამიანს არ ეკიდა ჯვარი, აუცილებლად ჰკიდებენ.
მიცვალებულის ბაგეები მოკუმული უნდა იყოს, თვალები დახუჭული, ხელები მკერდზე გადაჯვარედინებული, მარჯვენა მარცხენაზე დადებული. ქრისტიან ქალს აფარებენ თავსაფარს, რომელიც მთლიანად უნდა ფარავდეს თმებს, ამასთან მისი ბოლოები შეიძლება არც შევკრათ, არამედ უბრალოდ გადავაჯვარედინოთ.
მიცვალებულს მარცხენა ხელში უდებენ ხატს (ან ჯვარს), მამაკაცისათვის _ მაცხოვრის გამოსახულებით, ქალისათვის _ ღმრთისმშობლის გამოსახულებით, ისეც შეიძლება, რომ მარცხენა ხელში ჯვარი ედოს, ხოლო მკერდზე _ ხატი. ეს კეთდება იმის ნიშნად, რომ მიცვალებულს სწამდა ქრისტე, და მიაბარა მას სული, რომ ის სიცოცხლეში ~წინაისწარ ხედავდა~ უფალს, ახლა კი წმინდანებთან ერთად მისი პირის ნეტარხედვაზე გადადის.
მიცვალებულის ცხედრის კუბოში ჩასვენების წინ, წმინდა წყალს ასხურებენ ცხედარსაც და მის კუბოსაც, გარედან და შიგნიდან. შეიძლება კუბოს მოკმევაც. გარდაცვლილის შუბლზე დებენ გვირგვინს. მას იძლევიან ეკლესიაში, როცა მიცვალებული მიჰყავთ წესის ასაგებად. გარდაცვლილი ქრისტიანი ირთვება გვირგვინით, როგორც ცათა სასუფეველის ჯილდოს სიმბოლოთი _ მიწიერი ცხოვრების სიმძიმილის გამო. გვირგვინზე გამოსახულია უფალი იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, და იოანე ნათლისმცემელი, წარწერით ~ სამწმიდა არს~. ამით ნაჩვენებია, რომ მიწიერი ცხოვრების დამსრულებელი იმედოვნებს, თავისი ღვაწლისათვის გვირგვინის მიღებას (იხ. @ ტიმოთე, 4; 7; 8; ) მხოლოდ ერთსამება ღმერთის მოწყალებით და ღმრთისმშობლისა და უფლის ნათლისმცემლის იოანეს შუამდგომლობით.
მიცვალებულის მხრებისა და თავქვეშ დებენ ბალიშს, რომელსაც ჩვეულებრივ, ავსებენ ბზით ან ხეთა ფოთლებით სულთმოფენობის დღესასწაულიდან. ცხედარს ფარავენ ზეწრით.
კუბოს ცხედრით დგამენ ოთახის შუაში, სახლის ხატების წინ. (წინა კუთხეში), პირით გასასვლელისაკენ. კუბოს ირგვლივ ანთებენ სანთლებს (ან თუნდაც ერთს თავთან) იმის ნიშნად, რომ მიცვალებული ნათლის სსაუფეველში გადავიდა.
როგორ ვილოცოთ ადამიანისათვის მისი გარდაცვალების შემდგომ სამ დღეს. მას შემდეგ, რაც მიცვალებულის სხელს განბანენ და შემოსავენ, იწყებენ კანონის კითხვას, რომელსაც ეწოდება ~ სულის სხეულიდან ( ხორციდან) ამოსვლის შემდგომ წასაკითხი~. იმის მიუხედავად, თუ სად მოკვდა ადამიანი, სახლში თუ გარეთ, სულერთია, მისი სიკვდილის დღეს კითხულობენ ამ კანონს. კანონის კითხვა უნდა დავიწყოთ დასაწყისი ლოცვებით, შემდეგ 90_ ეფსალმუნი, შემდეგ _ რიგის მიხედვით. კანონი იკითხება მხოლოდ იმ დღეს გარდაცვლილი ადამიანისათვის. ამიტომ არ ეგების მისი კითხვისას ჩავურთოთ საგალობელი: ~განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისასა მონისა შენისასა (სახელი)~, წარმოვთქვათ სხვა მიცვალებულთა სახელები და ა.შ.
~შემდგომად~ კანონის ბოლოს არის განსაკუთრებული ლოცვითი მიმართვა ღნრთისადმი, თვით მიცვალებულის სახელის სარმოთქმით: ~მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სარწმუნოებითა და სასოებით საუკუნო ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებული მონა შენი (სახელი)...~. ამ ლოცვის შემდეგ კითხულობენ: ~საუკუნო ხსენება, უფალო, მონასა (მხევალსა) შენსა~.
კანონი იკითხება მიცვალებულის პირით იმ მიზნით, რათა ღმრთის მოწყალებამ, მიცვალებულისთვის ჩვენი ლოცვებით, შეუმსუბუქოს სულს ხორცთან განშორების სიმწარე, სხეულის გარეთ სულის ყოფნის პირველ მომენტში.
შემდეგ, სამი დღის განმავლობაში მიცვალებულზე კითხულობენ ფსალმუნს, რომლის კითხვასაც თხოვნით იწყებენ: ~ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო. შეგვიწალე ჩვენ, ამინ.~ შემდეგ იკითხება დასაწყისი ლოცვები და ის ლოცვები, რომელნიც წინაუსწრებს ფსალმუნებს.
ფსალმუნნი დაყოფილია ოც დიდ ნაწილად _ კანონებად. ყოველი კანონის წინ მეორდება სამგზის მოწოდება ღმრთისადმი თაყვანისცემისა: ~მოვედით, თაყვანი _ ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა, მოვედით თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა ღმერთსა. მოვედით, თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.~
ამ მოწოდების შემდგომ იკითხება კანონი. რამდენიმე ფსალმუნის დასრულების შემდგომ, რომელნიც სიტყვა ~დიდება~ _თი არის გამოყოფილი, ითქმება: ალილუია! (სამჯერ) დიდება შენდა ღმერთო~ და მეორდება ლოცვითი თხოვნა მიცვალებულთათვის ~შემდგომად~ ლოცვითი კანონიდან:~მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო~... ამ ლოცვის შემდეგ, გრძელდება პირველი კანონის (ან შემდეგ მე_2, მე_3 და ა. შ.) ფსალმუნთა კითხვა. ყოველ კანონში სამი ~დიდება~_ა, შესაბამისად კანონის კითხვისას, სამჯერ ეგების მიმართვა ღმრთისადმი, მიცვალებულის შეწყალების განსაკუთრებული თხოვნით.
ფსალმუნი იკითხება შეუსვენებლივ (დღე და ღამე), ქრისტიანის კუბოსთან მანამ, სანამ გარდაცვლილს არ დაკრძალავენ. რადგანაც მიცვალებულის ნათესავებს, პირველ სამ დღეს ბევრი საზრუნავი აქვთ, დასაფლავების ორგანიზების მხრივ, ფსალმუნთა წასაკითხავად იწვევენ ნაცნობებს და მეგობრებს. მიცვალებულთათვის ფსალმუნთა წაკითხვა შეუძლია ნებისმიერ კეთილმსახურ ერისკაცს.
შემთხვევითი არაა, რომ ეკლესიამ უძველესი დროიდან დაადგინა, მიცვალებულთა კუბოსთან სწორედ ფსალმუნთა კითხვა. Fფსალმუნნი აღწარმოქმნის ჩვენი სულის ყოველგვარ მოძრაობას, ცოცხლად თანაგვიგრძნობს სიხარულშიც და მწუხარებაშიც, მრავალ ნუგეშსა და მხნეობას ღვრის ჩვენს მწუხარე გულში. ფსალმუნთა კითხვა ღმრთისადმი მიცვალებულთათვის სალოცავად გვემსახურება და ამავე დროს მის ახლობელთა მწუხარებას აცხრობს.
ცხედრის გამოტანა. სახლიდან კუბოს გამოტანამდე მცირე ხნით ადრე, კიდევ ერთხელ იკითხება ~სხეულიდან (ხორციდან) სულის ამოსვლის შემდგომ წასაკითხი~ ლოცვითი კანონი.
კუბო გამოაქვთ, გასასვლელისაკენ მიცვალებულის პირის მიქცევით. ცხედრის გამოტანისას გამცილებელნი გალობენ ~სამწმიდა არს~_ს: ~წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ~, იმის აღსანიშნავად, რომ გარდაცვლილი სიცოცხლეში აღიარებდა ცხოვრებისმომცემელ სამებას და ახლა გადადის უხორცო სულთა სასუფეველში, რომელნიც გარს ევლებიან ყოვლისმპყრობელის საყდარს და დაუდუმებლად უგალობენ მას ~სამწმიდე არს~_ს.
საეკლესიო წესის აგება. გარდაცვლილის კუბოს დგამენ ეკლესიის შუაში პირით საკურთხევლისაკენ, და კუბოს ოთხივე მხარეს დგამენ სასანთლეებს.
ეკლესიის სწავლებით, ადამიანის სული, გარდაცვალებიდან მესამე დღეს, _ იმ დროს, როცა მისი სხეული უსულოდ წევს, _ გადის საშინელ საზვერეებს და სჭირდება ეკლესიის დიდი დახმარება. რათა გავუადვილოთ მას სხვა ცხოვრებაში გადასვლა, მართლმადიდებელი ქრისტიანის კუბოსთან იკითხება კანონი და ფსალმუნნი, ეკლესიაში კი სრულდება წესის აგება.
წესის აგების მსახურება სრულდება გალობებისაგან, რომელშიც მოკლედ აისხება ადამიანის მთელი ბედი; მცნებათა დარღვევის გამო, ის კვლავ მიიქცევა მიწად, რომლისგანაც აღებულია: ~შენ ხოლო ხარ უკვდავი, კაცთა შემოქმედო და შემქმნელო; ჩვენ კი მიწიერნი, მიწისაგან შექმნილნი, მიწადვე მივიქცევით, ვითარცა შენ ბრძანე, დამბადებელო: ~მიწა ხარ და მიწად მიიქეც~. იქვე წარვალთ ჩვენ, ყოველნი მიწით შობილნი, და სამარისებური გოდებით ხმავჰყოფთ გალობას: ~ალილუია, ალილულია, ალილუია~.
მაგრამ, მიუხედავად ცოდვათა სიმრავლისა, ადამიანი რჩება ~ღმრთის დიდების სახებად~, ამიტომ წმინდა ეკლესია ევედრება მეუფესა და უფალს, მისი გამოუთქმელი მოწყალებით, მიუტევოს მიცვალებულს ცოდვები და ღირსჰყოს იგი ცათა სასუფეველსა.
~წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა არცა არს, არცა ურვა, არცა სალმობა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი~.
სამოციქულოსა (1 თესალ. 4; 13_17) და სახარების (იოანე, 5; 24_30) წაკითხვის შემდეგ, მღვდელი კითხულობს განტევების ლოცვას, რომლითაც მიცვალებულს მიეტევება ყველა ეპიტემია და ცოდვა, რომლებიც მან მოინანია (ან აღსარების თქმა დაავიწყდა), და მიცვალებული მშვიდობით წარიგზავნება საიქიო ცხოვრებაში. ფურცელს, ამ ლოცვის ტექსტით, იქვე უდებენ მიცვალებულს მარჯვენა ხელში, მისი ნათესავები და ახლობლები.
უკანასკნელი ამბორი, ანუ გამოთხოვება მიცვალებულთან, აღესრულება სულისშემძვრელი ლოცვების (სტიქარონების) გალობის თანხლებით: ~მოვედით, უკანასკნელად ამბორს_ვუყოთ ძმანო, მიცვალებულს, ვმადლობდეთ ღმერთსა~...
მიცვალებულის ნათესავები და ახლობლები გარს უვლიან კუბოს, ქედმოხრით ევედრებიან მიცვალებულს უნებლიე წყენათა მიტევებას, უკანასკნელად ეამბორებიან მიცვალებულს (გვირგვინს მის თავზე ან კუბოში დადებულ ხატს). ამის შემდეგ ცხედარს მთლიანად ფარავენ ზეწრით და მღვდელი ჯვრის სახით აყრის მიწას მას სიტყვებით: ~მიწა უფლისა და ყოველივე აღვსება მისი, ყოველი სოფელი და მკვიდრნი მას ზედა~. კუბოს თავს ახურავენ. თუ მიცვალებულის ნათესავებს, მასთან სასაფლაოზე გამომშვიდობება სურთ, მაშინ კუბოს ტაძარში არ დაახურავენ თავს, მღვდელი კი ახლობელთაგან ვინმეს აკურთხებს, მოაყაროს მიწა ცხედარს, უშუალოდ დაკრძალვის წინ.
ტაძრიდან ცხედრის გამოსვენების დროს იგალობება ანგელოზთა გალობა _ ~სამწმიდა არს~.
დაუსწრებლად წესის აგება. იმ შემთხვევაში თუ, მიცვალებულისათვის ტაძარში წესის აგების საშუალება არ არის, მიცვალებულს დაუსწრებლად უგებენ წესს. მიცვალებულის ნათესავები, როგორც წესი, უახლოეს ეკლესიაში უკვეთავენ წესის აგებას. წესის აგების შემდეგ, ნათესავებს ეძლევათ გვირგვინი, განტევების ლოცვის ფურცელი და მიწა საპანაშვიდე მაგიდიდან. სახლში მიცვალებულს მარჯვენა ხელში უდებენ განტევების ლოცვას, შუბლზე ადებენ ქაღალდის გვირგვინს, მასთან დამშვიდობების შემდეგ კი, სასაფლაოზე მის ცხედარს – თავიდან ბოლომდე, მარჯვენა მხრიდან მარცხნივ, ჯვრისსახედ ზეწრით დაფარულს _ აყრიან ქვიშას ისე, რომ სწორი ფორმის ჯვარი გამოვიდეს.
თუ დაუსწრებლად წესის აგება სრულდება დაკრძალვიდან რაღაც დროის შემდეგ, სასფლაოს მიწა უნდა მიმოვაბნიოთ, ხოლო ქაღალდის გვირგვინი და განტევების ლოცვის ფურცელი ჩავფლათ სამარის ბორცვში მცირე სიღრმეზე. თუ სამარე შორს ან უცნობ ადგილასაა, ქაღალდის გვირგვინს და ლოცვას წვავენ, მიწას კი მიმოაბნევენ ნებისმიერ სამარეზე, რომელზეც მართლმადიდებლური ჯვარია აღმართული.
დაკრძალვა. სამარეში ასვენებენ პირით აღმოსავლეთისაკენ, იმავე მიზნით, რა მიზნითაც ვლოცულობთ აღმოსავლეთით პირმიქცეულნი, _ მარადიული განთიადის დადგომის, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინით, და იმის ნიშნად, რომ მიცვალებული შორდება ცხოვრების დასავლეთს _ მარადიულობის აღმოსავლეთის მიმართულებით.
სამარეში ცხედრის ჩასვენებისას კვლავ იგალობება ~სამწმიდა არს~ _ი. უკანასკნელ გზაზე მიცვალებულის ყველა გამცილებელი, სამარის ამოვსების წინ ყრის მასში თითო მუჭა მიწას. ამგვარად, მიცვალებულს მიაბარებენ მიწას, საღმრთო განგებულებისადმი მორჩილების ნიშნად: ~მიწა ხარ, და მიწად მიიქეც~(შწსაქმე 3; 19).
ჯვარი, ცხოვნების სიმბოლო, აღმართული უნდა იყოს ყოველი ქრისტიანის საფლავზე. მიცვალებულს სწამდა ჯვარცმული და სიკვდილის ძალით განისვენებს ჯვრის ჩრდილქვეშ. ჯვარი შეიძლება ნებისმიერი მასალისაგან იყოს დამზადებული.
მართლმადიდებელი ქრისტიანის საფლავისათვის უფრო შესაფერისია უბრალო ჯვარი ხისგან, ბეტონისგან ან ლითონისგან, ვიდრე გრანიტის და მარმარილოს ძვირფასი მონუმენტები. დაუშვებელია საფლავის ქვაზე (ან ჯვარზე) მოვათავსოთ განსვენებულის პორტრეტი ან ფოტოგრტაფია. თუ ნათესავებს სურთ წააწერონ ეპიტაფია, მაშინ უკეთესია, ტრადიციულად გამოვიყენოთ სიტყვები წმინდა წერილიდან ან ცნობილი ლოცვებიდან, და არა ჩვენს მიერ შეთხზული ფრაზები.
კრემაცია. ცხედრის დაწვის ჩვეულება, შედარებითი სიიაფის გამო, ამჟამად რუსეთში ძალზე პოპულარული, ჩვენთან წარმართული აღმოსავლეთიდან შემოვიდა. მართლმადიდებელი ეკლესია არ იწონებს კრემაციას და მასზე თანხმობას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში _ სასაფლაოზე ადგილის არარსებობისა და (ან) დაკრძალვის ხარჯების უკიდურესი უქონლობის დროს _ იძლევა.
კრემაცია არ მოიწონება ეკლესიის მიერ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათთვის, ვინც წვავს თავის ახლობლებს, ეს ქმედება არამზრუნველობითია; მას სულში უფრო სასოწარკვეთილება შემოაქვს, ვიდრე მკვდრეთით აღდგომის იმედი. ყოველი მიცვალებულის სიკვდილის შემდგომი ხვედრი კი ღმერთის ხელშია და დაკრძალვის წესზე არაა დამოკიდებული.
ყველა დაკრძალვითი ლოცვები, წესის აგების ჩათვლით, უცვლელად აღესრულება კრემირებულზეც. ცხედრის დაწვის წინ ხატი და ჯვარცმა უნდა ამოვიღოთ კუბოდან, ქაღალდის გვირგვინი და განტევების ლოცვის ფურცელი კი დავტოვოთ. თუ ფერფლის ყუთს, შემდგომ დაფლავენ სამარეში, ჩასვენების წინ უნდა წაიკითხონ ~სამწმიდა არს~

რატომ ხდება დაბერება, ირმა ავალიანი


გაკვეთილის თემა: რატომ ხდება დაბერება
საფეხური და კლასი: საბაზო-საშუალო, მე-9 კლასი
გაკვეთილის ზოგადი მიზანი: უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კავშირის აღდგენა;ტოლერანტობის,როგორც პოზიციის გამომუშავება სიცოცხლის ფორმების მიმართ
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დაბერების მექანიზმებს ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე,გაიხსენებენ მიმიკურ კუნთებს და დაუკავშირებენ მათ სახის ასაკობრივ პლასტიკას, გაეცნობიან ხანდაზმულობის რეკორდულ მაჩვენებლებს,წაიკითხავენ  გამონათქვამებს სიცოცხლესა და სიბერეზე,დაგეგმავენ ინტერვიუს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან,დააფიქსირებენ პოზიციას,გაანალიზებენ გაკვეთილს.
გაკვეთილის მსვლელობა: აქტივობა 1. პროვოცირება
მასწავლებელი აცნობს ნაწყვეტს „სოლომონის რჩევებიდან“ და სთხოვს მოსწავლეებს,ამოიცნონ რაზეა საუბარი
„გახსოვდეს შენი გამჩენი - ვიდრე დაბნელდებოდეს მზე,ნათელი და ვარსკვლავები,ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ,ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები,ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები,დადუმდებოდეს ყოველი გალობა,შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს,აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია,დაცხრებოდეს ვნება,ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი“
ბავშვები ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს სიბერე.მასწავლებელი განმარტავს აღწერილ შედარებებს:
დაბნელდეს მზე: მხედველობის შესუსტება, დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი:ხელების კანკალი, მეომარნი დაუძლურდებოდნენ: წელში მოხრა,შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები: მეუღლის სიკვდილი,დაიგმანებოდეს ქუჩის კარები:მოძრაობის შეზღუდვა,დადუმდებოდეს ყოველი გალობა: სიყრუე, შეეშინდებოდეთ სიმაღლისა: წონასწორობის უნარის დაკარგვა, გზებზე შიში დაივანებდეს: ფობიები, აყვავდებოდეს ნუში: ჭაღარა, დამძიმდებოდეს კალია:მუცლის გაბერვა, დაცხრებოდეს ვნება: ლტოლვის გაქრობა, გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი: სუსტი ხერხემალი, გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი: სულიერი ავადმყოფობა.  
აქტივობა 2. ახალი მასალა
მასწავლებელს შემოაქვს ცნებები გერონტოლოგია,გერიატრია და აცნობს ბავშვებს დაბერების თეორიებს,მათ შორის ევოლუციურ (ევოლუციის შედეგად ხანდაზმული ფორმების გაცხრილვას სახეობის სასარგებლოდ) და  დაზიანებების(მუტაციების დაგროვების,დაზიანებული ცილების კონცენტრირების,მიტოქონდრიული დნმ ცვლილებების,ქრომოსომული სარტყელის-ტელომერის დაკარგვას) თეორიებს.
აქტივობა 3. კავშირი ძველსა და ახალ მასალას შორის
მასწავლებელი სთხოვს,გაიხსენონ მიმიკური კუნთების ჯგუფი,მიმოიხილავს მას ისტ-ის საშუალებით ილუსტრაციაზე და სქემაზე და აცნობს მოსწავლეებს სახის დაბერების თავისებურებებს,ასევე სთავაზობს პლასტიკური ოპერაციების შედეგების სურათებს.
აქტივობა 4. რეკორდები  
მასწავლებელი მიმართავს კლასს,გაიხსენოს ყველაზე ხანდაზმული ნაცნობი და აცნობს ბავშვებს მსოფლიოს რეკორდულ მაჩვენებლებს სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით.მასწავლებელი მიმართავს კლასს, ჩამოაყალიბონ ფაქტორები, რომლებიც აჩქარებენ დაბერების პროცესებს,გამოკვეთავს სოციალურ ფაქტორების როლს.
აქტივობა 5.განწყობის შექმნა
მასწავლებელი მიმართავს კლასს,გადაათვალიერონ „მარგალიტები“-გამონათქვამები სიცოცხლესა და სიბერეზე,გაიხსენონ და დაამატონ საკუთარი ვერსიები
აქტივობა 6. დავალება  
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს დაგეგმონ ინტერვიუ ხანდაზმულ ადამიანებთან (სავარაუდო შეკითხვებით:რა ხნისაა, როგორ გარემოში იმყოფებოდა,რა პრობლემებს ებრძვის, რა მიღწევები მოუტანა ასაკმა,რას ურჩევდა ახალგაზრდებს და ა.შ.) და მიმართავს კლასს, დაამთავროს შემდეგი ფრაზა:
„გიყვარდეს სიცოცხლე, რადგან...“ბავშვები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს.  
აქტივობა 7.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს გადაათვალიერონ გაკვეთილის მინი-ლექსიკონი ისტ-ის საშუალებით და შეაფასონ გაკვეთილი შეფასების შესაბამისი რუბრიკით
მ ა რ გ ა ლ ი ტ ე ბ ი
„გულს სევდა შემომაწვება, თვალთაგან ცრემლი მწყდებაო...
თორემ სიბერე რა არის...მართ ოდენ წელთა წყებაო“.      ხალხური
„დრონი იცვლებიან და მათთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“  ლათინური ანდაზა
„ისე ნუკი ცხოვრობ, თითქოს ათი ათასი წლის სიცოცხლე გედოს კიდევ წინ. სანამ პირში სული გიდგას, ეცადე, როგორც შეგიძლია, კეთილი გახდე და უკეთესი...“  მარკუს ავრელიუსი
„წუთისოფელი მრავალს ტეხს წელში და შემდეგ მრავალნი ნატეხზე უფრო მაგარნი არიან“    ჰემინგუეი
„როდი ყოფილა საწუთრო უნდო და დასაძრახელი,  
რადგან ამ ქვეყნად დავტოვე შეუბღალავი სახელი“  იოსებ გრიშაშვილი, ეპიტაფია
„ასე ნელა რატომ ხატავო? - ჰკითხეს პრაქსიტეს.
ნელა ვხატავ, რადგან მარადისობას ვხატავო - მიუგო მხატვარმა.“
‘’მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან,
ვაქებ, ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან.“    შოთა
„არც კაცი ვარგა,თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფელს კი არა-რა არგოს!“  ნიკოლოზ ბარათაშვილი
„რაც არ ვარჯიშდება,კვდება.“    ლესგაფტი
„როცა დაჭკნება შენი ვნებები, როცა გერქმევა ერთ დროს ბებერი,
სიბერეს მაინც ნუ მინებდები, ციხე იყავი აუღებელი.
იყავი ციხე, დაითმინე ჭირი, ვარამი, იყავი ცხრაბჭე და ცხრაკლიტული,
ჭაღარა შენი არ ეგონოთ თეთრი ალამი,ციხიდან შიშით გადმოკიდული“  შოთა ნიშნიანიძე
„ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს“  ლადო ასათიანი
„ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...
მარადია ერთადაერთი: შვენება“  გალაკტიონი
„ვიყავ! ვიცოცხლე! ვიქროლე! ვბრძოდი! დააპე გული თუ გინდა  ხანჯალს!
ჩანს ჭეშმარიტის ტოტს იქით ტოტი, ხე ჭეშმარიტის - არა და არ ჩანს!“  მურმან ლებანიძე
„წარსულით სავსე, იმედით სავსე - მიგორავს სული,
მიგორავს სული, მიგორავს სული დედამიწაზე“... მუხრან მაჭავარიანი
„სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება“  შოთა
„უნდა მოლხენით ცხოვრობდე, სისხლი არსადა გდიოდეს,
ყველას კაჟივით ეგონო, შენ სანთელივით ღვიოდე“.  ხალხური
 გაკვეთილზე გამოყენებული,  ასევე სხვა სასარგებლო რესურსების ბაზა
ეშლი ჰეგი - პროგერიით დაავადებულია. პროგერია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, (მსოფლიოში აღწერილია 50 - მდე შემთვევა), რომლის დროსაც მუტაციას განიცდის გენი, რომელიც აკონტროლებს ბირთვის გარსის სტრუქტურულ ცილას . ბირთვის გარსი იჭმუხნება, უჯრედები ვერ  იყოფიან, წყდება ახალი უჯრედებით ძველი,ატროფირებული უჯრედების ჩანაცვლების პროცესი, რაც იწვევს ნაადრევად დაბერებას. (ბერძ. progeros-ნაადრევად დაბერებული) უმრავლესობა იღუპება 13-14 წლის ასაკში. გონებრივი განვითარების დონე მაღალია ასაკთან შედარებით.
მუტაგენური ფაქტორებია: ულტრაიისფერი გამოსხივება, მაიონიზირებელი რადიაცია, რენტგენის სხივები, ქიმიკატები, თამბაქოს ზოგიერთი კომპონენტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ზოგი სამკურალო პრეპარატი, საკვები კონსერვანტები, პესტიციდები. მუტაციის რისკ-ფაქტორებს ანუ ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს საწარმოო შხამები, ნარკომანია,ალკოჰოლიზმი, მშობლების ასაკი. თუ დდის ასაკი აღემატება 40 წელს,დაუნიზმით დაავადებულის ალბათობა 10-დან 20-ჯერ იზრდება. დედამიწის ეკოლოგიური დაბინძურება, რადიაციული ფონის გაზრდა, საწარმოო ტექნოლოგების ზრდა, უხარისხო საწვავის შუალედური პროდუქტები,ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ამაღლება გარემოში ახშირებს მუტაციებს, იწვევს სხავადასხვა უცნობი ეტიოლოგიის დაავადების წარმოშობას, აქვეითებს იმუნიტეტს. დადგენილია ტერატოგენური რისკ- ფაქტორებიც. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება: ვირუსული დაავადებები (გრიპი, ჰეპატიტები, ჰერპეს-ვირუსი), წითელა, წითურა, პაროტიტი, დიაბეტი, სხვადასხვა ტოქსინები,არასრულფასოვანი კვება, სტრესები. ყველაზე ხშირად ვითარდება შემდეგი მანკები:მაგარი სასისა და ზედა ტუჩის ნაპრალი ე.წ. ” მგლის ხახა” და კურდღლის ტუჩი” (1 შემთხვევა 700-ზე), გულის მანკები,  საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა,  და ნაღვლის სადინარების შევიწროება, ”ბრონქიალური ხის” არასწორი ფორმირება, რომელიმე  ორგანოს განუვითარებლობა (მაგ. კიდურები)
ბუნებრივი ღრუების შეხორცება(საყლაპავი, კუჭი,ნაწლავი), თითებსშორისი შეხორცებები .ცნს-ის დაზიანების სიხშირეა- 1 შემთხვევა 1000-ზე,ანენცეფალიის( თავის ტვინის თანდაყოლილი უქონლობა)-1 შემთხვევა 2000-ზე.სომატური მუტაციების შედეგი განსხვავებულია ონტოგენეზის სხვადასხვა სტადიებზე. მუტაცია ემბრიონეგენეზის დროს, როცა უჯრედიდან ძირითადი ორგანოები ვითარდებიან, იწვევს ჩანასახის დაღუპვას ან სიმახინჯეებს.100 გრამი ლუდიც კი( შეიცავს 3,6 გ ეთილის სპირტს) იწვევს ჭიპლარის სისხლძარღვების სპაზმს, ქმნის ვიტამინების დეფიციტს და ანელებს ნაყოფის ზრდა-განვითარებას.
      მაიკლ ჯონსონის ისტორია-მაიკლი ამერიკელია.ხატავდა ბავშვობიდან. ადამიანები ცდილობდნენ მის დახმარებას, ზოგი საღებავს ჩუქნიდა, ზოგი ტილოს და ფუნჯებს, უკვეთავდნენ ნახატებს, ელექტრონული ფოსტით უგზავნიდნენ ფოტოსურათებს, მაიკლს ამის საშუალებით გაუჩნდა საარსებო პირობები.ერთმა ოჯახმა მას კომპიუტერი უყიდა, რათა მაიკლს საკუთარი ფოსტა ჰქონოდა.მაიკლი დღეს წარმატებული მხატვარია. მას უამრავი მეგობარი ჰყავს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა.მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოსიყვარულე და თბილ გარემოში განსაკუთრებული ინტელექტუალური დონის მიღწევა  შეიძლება.
მინი-ლექსიკონი    გაკვეთილი N 3
გერიატრია- გერონტოლოგიის ნაწილი,შეისწავლის სიბერის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს,თავისებურებებს,მკურნალობის მეთოდებს
გერონტოლოგია- მოძღვრება სიბერეზე,შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის დაბერების პროცესებს
გენერაციული უჯრედი- საქესო უჯრედი ქრომოსომათა ჰალოიდური კომპლექტით
დაზიანებების თეორია- თეორია,რომელიც გვთავაზობს ბუნებრივი პროცესებისას სხვადასხვა დაზიანებების (ცილების,დნმ-ს,ქრომოსომული სტრუქტურების,ციტოპლაზმის ორგანელების) დაგროვების და ზემოქმედების ვერსიებს
დაბერების ევოლუციური თეორია- თეორია,რომელიც განიხილავს დაბერებას,როგორც სახეობის არსებობისა და განვითარების აუცილებლობას,რომელიც ევოლუციის შედეგად წარმოიქმნა
რეპარაცია- დაზიანების აღდგენა ახლადწარმოქმნილი მსგავსი სტრუქტურით
სიბერე- პერიოდი ადამიანის ცხოვრებისა შვილოსნობის დაკარგვიდან სიკვდილამდე,რომელიც ხასიათდება ჯანმრთელობის გაუარესებით, გონებრივი მონაცემების გაუარესებით,ორგანიზმის საერთო მდგომარეობის დაქვეითებით.მოიცავს ქრონოლოგიურად ჭარმაგ( კაცებისათვის 61-71 წელს,ქალებისათვის 56-74 წელს) მოხუცებულობის(კაცებისათვის 71-90,ქალებისათვის 74-90 წელს) და დღეგრძელობის (90-ზე მეტი) პერიოდებს
სომატური უჯრედი- არასასქესო უჯრედი ქრომოსომათა დიპლოიდური კომპლექტით
სტრესი- ძლიერი გამღიზიანებლის მოქმედების შედეგად  ორგანიზმში წონასწორობის დარღვევა,რაც იწვევს რთულ დაცვით რეაქციებს
ტელომერი- ქრომოსომის უბანი განაპირას,რომელიც ერთგვარი გაყოფის მრიცხველია.იგი ყოველი გაყოფისას მცირდება.
ირმა ავალიანი, სკოლა "ჯი-ელ-სი"