რატომ ხდება დაბერება, ირმა ავალიანი


გაკვეთილის თემა: რატომ ხდება დაბერება
საფეხური და კლასი: საბაზო-საშუალო, მე-9 კლასი
გაკვეთილის ზოგადი მიზანი: უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კავშირის აღდგენა;ტოლერანტობის,როგორც პოზიციის გამომუშავება სიცოცხლის ფორმების მიმართ
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დაბერების მექანიზმებს ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე,გაიხსენებენ მიმიკურ კუნთებს და დაუკავშირებენ მათ სახის ასაკობრივ პლასტიკას, გაეცნობიან ხანდაზმულობის რეკორდულ მაჩვენებლებს,წაიკითხავენ  გამონათქვამებს სიცოცხლესა და სიბერეზე,დაგეგმავენ ინტერვიუს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან,დააფიქსირებენ პოზიციას,გაანალიზებენ გაკვეთილს.
გაკვეთილის მსვლელობა: აქტივობა 1. პროვოცირება
მასწავლებელი აცნობს ნაწყვეტს „სოლომონის რჩევებიდან“ და სთხოვს მოსწავლეებს,ამოიცნონ რაზეა საუბარი
„გახსოვდეს შენი გამჩენი - ვიდრე დაბნელდებოდეს მზე,ნათელი და ვარსკვლავები,ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ,ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები,ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები,დადუმდებოდეს ყოველი გალობა,შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს,აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია,დაცხრებოდეს ვნება,ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი“
ბავშვები ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს სიბერე.მასწავლებელი განმარტავს აღწერილ შედარებებს:
დაბნელდეს მზე: მხედველობის შესუსტება, დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი:ხელების კანკალი, მეომარნი დაუძლურდებოდნენ: წელში მოხრა,შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები: მეუღლის სიკვდილი,დაიგმანებოდეს ქუჩის კარები:მოძრაობის შეზღუდვა,დადუმდებოდეს ყოველი გალობა: სიყრუე, შეეშინდებოდეთ სიმაღლისა: წონასწორობის უნარის დაკარგვა, გზებზე შიში დაივანებდეს: ფობიები, აყვავდებოდეს ნუში: ჭაღარა, დამძიმდებოდეს კალია:მუცლის გაბერვა, დაცხრებოდეს ვნება: ლტოლვის გაქრობა, გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი: სუსტი ხერხემალი, გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი: სულიერი ავადმყოფობა.  
აქტივობა 2. ახალი მასალა
მასწავლებელს შემოაქვს ცნებები გერონტოლოგია,გერიატრია და აცნობს ბავშვებს დაბერების თეორიებს,მათ შორის ევოლუციურ (ევოლუციის შედეგად ხანდაზმული ფორმების გაცხრილვას სახეობის სასარგებლოდ) და  დაზიანებების(მუტაციების დაგროვების,დაზიანებული ცილების კონცენტრირების,მიტოქონდრიული დნმ ცვლილებების,ქრომოსომული სარტყელის-ტელომერის დაკარგვას) თეორიებს.
აქტივობა 3. კავშირი ძველსა და ახალ მასალას შორის
მასწავლებელი სთხოვს,გაიხსენონ მიმიკური კუნთების ჯგუფი,მიმოიხილავს მას ისტ-ის საშუალებით ილუსტრაციაზე და სქემაზე და აცნობს მოსწავლეებს სახის დაბერების თავისებურებებს,ასევე სთავაზობს პლასტიკური ოპერაციების შედეგების სურათებს.
აქტივობა 4. რეკორდები  
მასწავლებელი მიმართავს კლასს,გაიხსენოს ყველაზე ხანდაზმული ნაცნობი და აცნობს ბავშვებს მსოფლიოს რეკორდულ მაჩვენებლებს სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით.მასწავლებელი მიმართავს კლასს, ჩამოაყალიბონ ფაქტორები, რომლებიც აჩქარებენ დაბერების პროცესებს,გამოკვეთავს სოციალურ ფაქტორების როლს.
აქტივობა 5.განწყობის შექმნა
მასწავლებელი მიმართავს კლასს,გადაათვალიერონ „მარგალიტები“-გამონათქვამები სიცოცხლესა და სიბერეზე,გაიხსენონ და დაამატონ საკუთარი ვერსიები
აქტივობა 6. დავალება  
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს დაგეგმონ ინტერვიუ ხანდაზმულ ადამიანებთან (სავარაუდო შეკითხვებით:რა ხნისაა, როგორ გარემოში იმყოფებოდა,რა პრობლემებს ებრძვის, რა მიღწევები მოუტანა ასაკმა,რას ურჩევდა ახალგაზრდებს და ა.შ.) და მიმართავს კლასს, დაამთავროს შემდეგი ფრაზა:
„გიყვარდეს სიცოცხლე, რადგან...“ბავშვები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს.  
აქტივობა 7.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს გადაათვალიერონ გაკვეთილის მინი-ლექსიკონი ისტ-ის საშუალებით და შეაფასონ გაკვეთილი შეფასების შესაბამისი რუბრიკით
მ ა რ გ ა ლ ი ტ ე ბ ი
„გულს სევდა შემომაწვება, თვალთაგან ცრემლი მწყდებაო...
თორემ სიბერე რა არის...მართ ოდენ წელთა წყებაო“.      ხალხური
„დრონი იცვლებიან და მათთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“  ლათინური ანდაზა
„ისე ნუკი ცხოვრობ, თითქოს ათი ათასი წლის სიცოცხლე გედოს კიდევ წინ. სანამ პირში სული გიდგას, ეცადე, როგორც შეგიძლია, კეთილი გახდე და უკეთესი...“  მარკუს ავრელიუსი
„წუთისოფელი მრავალს ტეხს წელში და შემდეგ მრავალნი ნატეხზე უფრო მაგარნი არიან“    ჰემინგუეი
„როდი ყოფილა საწუთრო უნდო და დასაძრახელი,  
რადგან ამ ქვეყნად დავტოვე შეუბღალავი სახელი“  იოსებ გრიშაშვილი, ეპიტაფია
„ასე ნელა რატომ ხატავო? - ჰკითხეს პრაქსიტეს.
ნელა ვხატავ, რადგან მარადისობას ვხატავო - მიუგო მხატვარმა.“
‘’მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან,
ვაქებ, ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან.“    შოთა
„არც კაცი ვარგა,თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფელს კი არა-რა არგოს!“  ნიკოლოზ ბარათაშვილი
„რაც არ ვარჯიშდება,კვდება.“    ლესგაფტი
„როცა დაჭკნება შენი ვნებები, როცა გერქმევა ერთ დროს ბებერი,
სიბერეს მაინც ნუ მინებდები, ციხე იყავი აუღებელი.
იყავი ციხე, დაითმინე ჭირი, ვარამი, იყავი ცხრაბჭე და ცხრაკლიტული,
ჭაღარა შენი არ ეგონოთ თეთრი ალამი,ციხიდან შიშით გადმოკიდული“  შოთა ნიშნიანიძე
„ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს“  ლადო ასათიანი
„ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...
მარადია ერთადაერთი: შვენება“  გალაკტიონი
„ვიყავ! ვიცოცხლე! ვიქროლე! ვბრძოდი! დააპე გული თუ გინდა  ხანჯალს!
ჩანს ჭეშმარიტის ტოტს იქით ტოტი, ხე ჭეშმარიტის - არა და არ ჩანს!“  მურმან ლებანიძე
„წარსულით სავსე, იმედით სავსე - მიგორავს სული,
მიგორავს სული, მიგორავს სული დედამიწაზე“... მუხრან მაჭავარიანი
„სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება“  შოთა
„უნდა მოლხენით ცხოვრობდე, სისხლი არსადა გდიოდეს,
ყველას კაჟივით ეგონო, შენ სანთელივით ღვიოდე“.  ხალხური
 გაკვეთილზე გამოყენებული,  ასევე სხვა სასარგებლო რესურსების ბაზა
ეშლი ჰეგი - პროგერიით დაავადებულია. პროგერია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, (მსოფლიოში აღწერილია 50 - მდე შემთვევა), რომლის დროსაც მუტაციას განიცდის გენი, რომელიც აკონტროლებს ბირთვის გარსის სტრუქტურულ ცილას . ბირთვის გარსი იჭმუხნება, უჯრედები ვერ  იყოფიან, წყდება ახალი უჯრედებით ძველი,ატროფირებული უჯრედების ჩანაცვლების პროცესი, რაც იწვევს ნაადრევად დაბერებას. (ბერძ. progeros-ნაადრევად დაბერებული) უმრავლესობა იღუპება 13-14 წლის ასაკში. გონებრივი განვითარების დონე მაღალია ასაკთან შედარებით.
მუტაგენური ფაქტორებია: ულტრაიისფერი გამოსხივება, მაიონიზირებელი რადიაცია, რენტგენის სხივები, ქიმიკატები, თამბაქოს ზოგიერთი კომპონენტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ზოგი სამკურალო პრეპარატი, საკვები კონსერვანტები, პესტიციდები. მუტაციის რისკ-ფაქტორებს ანუ ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს საწარმოო შხამები, ნარკომანია,ალკოჰოლიზმი, მშობლების ასაკი. თუ დდის ასაკი აღემატება 40 წელს,დაუნიზმით დაავადებულის ალბათობა 10-დან 20-ჯერ იზრდება. დედამიწის ეკოლოგიური დაბინძურება, რადიაციული ფონის გაზრდა, საწარმოო ტექნოლოგების ზრდა, უხარისხო საწვავის შუალედური პროდუქტები,ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ამაღლება გარემოში ახშირებს მუტაციებს, იწვევს სხავადასხვა უცნობი ეტიოლოგიის დაავადების წარმოშობას, აქვეითებს იმუნიტეტს. დადგენილია ტერატოგენური რისკ- ფაქტორებიც. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება: ვირუსული დაავადებები (გრიპი, ჰეპატიტები, ჰერპეს-ვირუსი), წითელა, წითურა, პაროტიტი, დიაბეტი, სხვადასხვა ტოქსინები,არასრულფასოვანი კვება, სტრესები. ყველაზე ხშირად ვითარდება შემდეგი მანკები:მაგარი სასისა და ზედა ტუჩის ნაპრალი ე.წ. ” მგლის ხახა” და კურდღლის ტუჩი” (1 შემთხვევა 700-ზე), გულის მანკები,  საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა,  და ნაღვლის სადინარების შევიწროება, ”ბრონქიალური ხის” არასწორი ფორმირება, რომელიმე  ორგანოს განუვითარებლობა (მაგ. კიდურები)
ბუნებრივი ღრუების შეხორცება(საყლაპავი, კუჭი,ნაწლავი), თითებსშორისი შეხორცებები .ცნს-ის დაზიანების სიხშირეა- 1 შემთხვევა 1000-ზე,ანენცეფალიის( თავის ტვინის თანდაყოლილი უქონლობა)-1 შემთხვევა 2000-ზე.სომატური მუტაციების შედეგი განსხვავებულია ონტოგენეზის სხვადასხვა სტადიებზე. მუტაცია ემბრიონეგენეზის დროს, როცა უჯრედიდან ძირითადი ორგანოები ვითარდებიან, იწვევს ჩანასახის დაღუპვას ან სიმახინჯეებს.100 გრამი ლუდიც კი( შეიცავს 3,6 გ ეთილის სპირტს) იწვევს ჭიპლარის სისხლძარღვების სპაზმს, ქმნის ვიტამინების დეფიციტს და ანელებს ნაყოფის ზრდა-განვითარებას.
      მაიკლ ჯონსონის ისტორია-მაიკლი ამერიკელია.ხატავდა ბავშვობიდან. ადამიანები ცდილობდნენ მის დახმარებას, ზოგი საღებავს ჩუქნიდა, ზოგი ტილოს და ფუნჯებს, უკვეთავდნენ ნახატებს, ელექტრონული ფოსტით უგზავნიდნენ ფოტოსურათებს, მაიკლს ამის საშუალებით გაუჩნდა საარსებო პირობები.ერთმა ოჯახმა მას კომპიუტერი უყიდა, რათა მაიკლს საკუთარი ფოსტა ჰქონოდა.მაიკლი დღეს წარმატებული მხატვარია. მას უამრავი მეგობარი ჰყავს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა.მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოსიყვარულე და თბილ გარემოში განსაკუთრებული ინტელექტუალური დონის მიღწევა  შეიძლება.
მინი-ლექსიკონი    გაკვეთილი N 3
გერიატრია- გერონტოლოგიის ნაწილი,შეისწავლის სიბერის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს,თავისებურებებს,მკურნალობის მეთოდებს
გერონტოლოგია- მოძღვრება სიბერეზე,შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის დაბერების პროცესებს
გენერაციული უჯრედი- საქესო უჯრედი ქრომოსომათა ჰალოიდური კომპლექტით
დაზიანებების თეორია- თეორია,რომელიც გვთავაზობს ბუნებრივი პროცესებისას სხვადასხვა დაზიანებების (ცილების,დნმ-ს,ქრომოსომული სტრუქტურების,ციტოპლაზმის ორგანელების) დაგროვების და ზემოქმედების ვერსიებს
დაბერების ევოლუციური თეორია- თეორია,რომელიც განიხილავს დაბერებას,როგორც სახეობის არსებობისა და განვითარების აუცილებლობას,რომელიც ევოლუციის შედეგად წარმოიქმნა
რეპარაცია- დაზიანების აღდგენა ახლადწარმოქმნილი მსგავსი სტრუქტურით
სიბერე- პერიოდი ადამიანის ცხოვრებისა შვილოსნობის დაკარგვიდან სიკვდილამდე,რომელიც ხასიათდება ჯანმრთელობის გაუარესებით, გონებრივი მონაცემების გაუარესებით,ორგანიზმის საერთო მდგომარეობის დაქვეითებით.მოიცავს ქრონოლოგიურად ჭარმაგ( კაცებისათვის 61-71 წელს,ქალებისათვის 56-74 წელს) მოხუცებულობის(კაცებისათვის 71-90,ქალებისათვის 74-90 წელს) და დღეგრძელობის (90-ზე მეტი) პერიოდებს
სომატური უჯრედი- არასასქესო უჯრედი ქრომოსომათა დიპლოიდური კომპლექტით
სტრესი- ძლიერი გამღიზიანებლის მოქმედების შედეგად  ორგანიზმში წონასწორობის დარღვევა,რაც იწვევს რთულ დაცვით რეაქციებს
ტელომერი- ქრომოსომის უბანი განაპირას,რომელიც ერთგვარი გაყოფის მრიცხველია.იგი ყოველი გაყოფისას მცირდება.
ირმა ავალიანი, სკოლა "ჯი-ელ-სი"