ადრინდელი წლები (1981–1983) მეტალიკა

მეტალიკა 1981 წელს ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, ჩამოყალიბდა. დრამერმა ლარს ულრიხმა ადგილობრივ გაზეთ The Recycler-ში გააკეთა განცხადება, რომ ეძებდა დანარჩენ მუსიკოსებს მეტალ-ჯგუფის შექმნისთვის. მას ჯეიმზ ჰეტფილდი გამოეხმაურა. თუმცა როგორც მოგვიანებით რონ მაკგოვნიმ განაცხადა ჟურნალისთვის „So What!“ მიცემულ ინტერვიუში, ლარსი და ჯეიმზი ერთმანეთს მათმა საერთო მეგობარმა ჰიუ ტანერმა გააცნო. ადრეულ სტადიაზე ჯგუფს მუდამ პრობლემები ჰქონდა მთავარ გიტარისტთან დაკავშირებით. ცოტა ხნით ჯგუფში უკრავდნენ ლოიდ გრანტი, ბრედ პარკერი და ჯეფ უორნერი (აღსანიშნავია, რომ არცერთი ზემოთნახსენები გიტარისტი არ ითვლება მეტალიკის წევრად, მათ „სტუმრის“ სტატუსი აქვთ). მეტალიკა ოფიციალურად 1981 წლის ოქტომბერში დაფუძნდა, ულრიხისა და ჰეტფილდის შეხვედრიდან ხუთი თვეში.[4]
ლარსის მეგობარმა რონ ქუინტანამ სთხოვა მას, დახმარებოდა სახელის შერჩევაში მისი ახალი ჟურნალისთვის, რომელიც ამერიკული და ბრიტანული მეტალ-ჯგუფების შესახებ იქნებოდა. რონს უკვე ჰქონდა მოფიქრებული რამდენიმე სახელი: Metallica, Metal Mania და Hesse. ლარსმა ჩათვალა, რომ „მეტალიკა“ შესანიშნავი სახელი იქნებოდა მისი ჯგუფისთვის და რონს არ ურჩია ჟურნალისთვის ასეთი სახელწოდების დარქმევა. ასე ეწოდა ჯგუფს „მეტალიკა“.
1982 წლის დასაწყისში ლარსმა Metal Blade Records-ის დამფუძნებელი ბრაიან სლეიჯელი დაარწმუნა შეეტანა მეტალიკის სიმღერა "Hit the Lights" ლეიბლის პირველ კრებულში "Metal Massacre". ჯგუფმა დემო Power Metal ჩაწერა, რომელშიც მათი პირველი სიმღერა - Hit the Lights შედიოდა. ბას-გიტარაზე უკრავდა და მღეროდა ჯეიმზი, ხოლო გიტარაზე - ლოიდ გრანტი (უფრო გვიანდელ ჩანაწერებში მის ადგილს მასტეინი იკავებს), ასევე The Mechanix, Jump In The Fire და Motorbreath. ულრიხმა კიდევ ერთი განცხადება განათავსა გაზეთში The Recycler მთავარი გიტარისტის ვაკანსიის თაობაზე. მას გამოეხმაურა დეივ მასტეინი, რომელიც იმ დროისათვის ჯგუფ პანიკში უკრავდა. ჰეტფილდი და ულრიხი ისე მოიხიბლნენ დეივის დაკვრით, რომ ჯგუფში მიიწვიეს. ლარსმა და ჯეიმზმა ბასისტად მიიწვიეს რონ მაკგოვნი, რომელიც მანამდე ჯეიმზთან ერთად უკრავდა ჯგუფ ლიზერ ჩარმში. რამდენიმე თვის შემდგომ ჩაწერეს დემო "No Life 'til Leather" სრული ფორმატით, სადაც შვიდი სიმღერა შედიოდა და რომელმაც მალე მიიქცია ფანების ყურადღება.
ჯგუფის პირველი ცოცხალი კონცერტი შედგა 1982 წლის 14 მარტს კლუბში Radio City, ქ. ანაჰაიმი, კალიფორნია[5]. იმავე წელს, 25 მაისს ჯგუფმა კონცერტი ჩაატარა სკოლაში, სადაც ულრიხი სწავლობდა. ამ დროისათვის ჰეტფილდსა და მასტეინს აღარ მოსწონდათ მაკგოვნის დაკვრა, რადგან ფიქრობდნენ რომ რონი "ახალს არაფერს ქმნიდა, უბრალოდ დინებას მისდევდა". ბრაიან სლეიჯელმა ურჩია ლარს, წასულიყო სან ფრანცისკოში და მოესმინათ ბასისტ კლიფ ბარტონისთვის, რომელიც ჯგუფ ტრაუმაში უკრავდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის ჯგუფის შოუს ღამის კლუბში Whiskey A-Go-Go დაესწრნენ და იმდენად მოიხიბლნენ მისი შესრულებით, რომ მეტალიკაში გადმოსვლა სთხოვეს. თავიდან კლიფმა უარი თქვა, თუმცა წლის ბოლოსთვის დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ მეტალიკა ქალაქ ელ ქერიტოში, სან-ფრანცისკოს მახლობლად, გადავიდოდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის პირობას დათანხმდნენ. მეტალიკის პირველი გამოსვლა კლიფთან ერთად ღამის კლუბში The Stone შედგა 1983 წლის მარტში. შემდეგში ჯგუფი ხშირად უკრავდა სან-ფრანცისკოს კლუბებში, ხშირად ჯგუფ ექსოდუსთან ერთად. ამავე წელს მეტალიკა გაიმგზავრა ნიუ-იორკში, სადაც ხელშეკრულება ლეიბლთან Megaforce Records გააფორმა. მალე ჯეიმზმა და ლარსმა გადაწყვიტეს, რომ უკვე შეუძლებელი იიყო მასტეინის ატანა მისი აგრესიულობის, ნაკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. შედეგად, 1983 წლის პირველ აპრილს დეივს ჯგუფი დაატოვებინეს და მის ნაცვლად იმავე საღამოს კირკ ჰემეტი მოიწვიეს ჯგუფ ექსოდუსიდან (მოგვიანებით დეივმა საკმაოდ პოპულარული ჯგუფი მეგადეზი ჩამოაყალიბა). მეტალიკის პირველი შოუ ჰემეტთან ერთად 1983 წლის 16 აპრილს ღამის კლუბში Showplace შედგა, ქ. დოვერში, ნიუ ჯერსი.
ინტერვიუებში მასტეინი მუდმივად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ჰემეტისადმი. ის ამბობდა, რომ ჰემეტმა მას სამუშაო წაართვა,[6] რომ ის პოპულარული მასტეინის დაწერილი რიფებისა და სოლოების შესრულების წყალობით გახდა. მეგადეზის 1985 წლის სადებიუტო ალბომში Killing Is My Business... and Business Is Good! მასტეინმა შეიტანა სიმღერა Mechanix, რომელიც შესულია ასევე მეტალიკას ალბომში Kill 'Em All შეცვლილი სახელით The Four Horsemen. როგორც შემდგომ განაცხადა მასტეინმა, ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ მეტალიკას „დასწეოდა“.[7]