იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 2010 წლის პირველ ნახევარში რესტავრაცია უკვე 12606 ფურცელს...

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 2010 წლის პირველ ნახევარში რესტავრაცია უკვე 12606 ფურცელს, 723 ყდას, 1073 ფოტოპოზიტივსა და 31 ტექნიკურ ნახაზს ჩაუტარდა. რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა საისტორიო ცენტრალური არქივის ხელნაწერი დოკუმენტები, მათგან უნიკალურია ეფრემ ასური და ლავსაიკონი, რომლის რესტავრაცია უკვე დასრულებულია. რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომებსაც, სადაც 19-20 საუკუნის ქუთაისში ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გადაღებული ეთნოგრაფიული ხასიათის სურათებია წარმოდგენილი. ლავსაიკონში მეუდაბნოე ბერების ცხოვრებაა აღწერილი. ხელნაწერი სარესტავრაციო განყოფილებაში ბიოლოგიური მექანიკური და ლაქური დაზიანებებით შევიდა. ხელნაწერების და ფოტოების გარდა, ყველაზე ხშირად საარქივო დოკუმენტების, სხვადასხვა ცნობების და აქტების რესტავრაცია, კონსერვაცია ხდება. პროცესი საკმაოდ რთულია და ყურადღების დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. სპეციალური გაწმენდის შემდეგ, ქაღალდს ანტისეპტიკით და გლიცერინით ამუშავებენ, რომელიც ფურცელს მეტ ელასტიურობას ანიჭებს, მოგვიანებით სახამებლის საშუალებით ფურცელს ორმხრივად აკრავენ სპეციალურ კონდენსატორის ქაღალდს, რომელიც დოკუმენტს შემდგომი დაზიანებებისგან იცავს. მუშაობის პროცესში რესტავრატორები ბევრ უცნაურ ჩანაწერსაც აწყდებიან. რესტავრირებული ხელნაწერი ძველ საბუთთა განყოფილებას ახლახანს დაუბრუნდა. დოკუმენტი დავით გარეჯის მონასტრისადმი შეწირულების სიგელს წარმოადგენს. დავით მეორე იმამყული ხანმა 1711 წელს სწორედ ამ სიგელით დაუმტკიცა გარეჯის მონასტერს ყმა-მამული. 1796 წელს 86 წლის შემდეგ სიგელს კიდევ ერთი ბეჭედი დაერთო, უკვე ერეკლე მეორის.მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქონება გარეჯის მონასტრის კუთვნილებად დარჩებოდა. ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების რესტავრაციის გადაწყვეტილებას ეროვნული არქივის ორივე განყოფილება შეთანხმებულად იღებს. მაშინ როდესაც ეფრემ ასური და ლავსაიკონი ლაბორატორიიდან ისევ ძველ საბუთთა არქივს დაუბრუნდება და საცავში შეინახება ლაბორატორია მეცხრე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლის, ეტრატსაფუძვლიანი ასომთავრულით დაწერილი სახარების რესტავრაციას შეუდგება.