პაატა დავითაია საგარეო საქმეთა სამინისტროს "National Geographic"-თან დაკავშირებით რეაგირებას სთხოვს

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია "National Geographic"-ის საძიებო სისტემის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიჩნევის თაობაზე , აღმასრულებელი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.
როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პაატა დავითაიამ განაცხადა, "National Geographic"-ის საძიებო სისტემაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ ქვეყნებად არის მიჩნეული. ასეთივე მდგომარეობაა მობილური ტელეფონებისთვის არსებულ პროგრამებშიც.
პაატა დავითაია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ამ საკითხზე რეაგირებას ითხოვს.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნვა დაავალა.