სასამართლომ რამდენიმე ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ ელიზბარაშვილის მეუღლე სალომე ივანიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. როგორც ადვოკატები აცხადებენ, მოსამართლემ და ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ივანიშვილის მიერ ბრალის აღიარება და მონანიება, ასევე გამოძიებასთან თანამშრომლობა და ეჭვმიტანილი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.
სალომე ივანიშვილი ექსპერტებთან მისი ქმრისთვის შეურაცხადობის შესახებ საბუთის ნაცვლად ქრთამის მიცემის გარიგებაში უშუალო მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი ნანეიშვილის, თეიმურაზ ხარებავას, ზურაბ ბერიას და თეიმურაზ სილაგაძეს თავდების სახით 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სანამ ბრალდებულები აღნიშნულ თანხას არ გადაიხდიან ისინი პატიმრობაში დარჩებიან, თუმცა მათი ადვოკატების განცხადებით, ისინი ამ თანხას დღესვე გადაიხდიან. შესაბამისად ბრალდებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აღარ შეეფარდებათ.
შეგახსენებთ, რომ გოგი ნანეიშვილი და მისი კოლეგები _ ხარებავა, ბერია და სილაგაძე დაკავებულნი არიან შვიდი წლის წინანდელი ფაქტის გამო. კერძოდ, შპს `ელიზის` დირექტორის თამაზ ელიზბარაშვილის შვილისთვის _ გურამ ელიზბარაშვილისთვის ყალბი ექსპერტიზის დასკვნის გაცემისთვის, რომლის მიხედვითაც პატიმარი გურამ ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო.
აღნიშნულ საქმეში, ქრთამის მიღება - აღების ფაქტზე ასევე დაკავებულნი არიან პატიმარ გურამ ელიზბარაშვილის მამა, შპს `ელიზის` დირექტორი თამაზ ელიზბარაშვილი, პატიმრის მეუღლე სალომე ივანიშვილი და მისი მამა.
ოთხი ფსიქიატრი, ნანეიშვილი, ხარებავა, ბერია და სილაგაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ელიზბარაშვილის ოჯახის წევრები კი ქრთამის მიცემაზე. საქმეს პროკურატურა იძიებს.
თამაზ ელიზბარაშვილის შვილი _ გურამ ელიზბარაშვილი შვიდი წლის წინ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მეგობრის მკვლელობისა და რამდენიმე პირის დაჭრის გამო იხდის სასჯელს. სამედიცინო კლინიკა `მენტალვიტას` მფლობელს გოგი ნანეიშვილს და მის კოლეგებს სწორედ გურამ ელიზბარაშვილისთვის სასჯელის შემსუბუქების მიზნით ქრთამის აღებასა და ყალბი ცნობის გაცემაში ედებათ ბრალი.
აღნიშნული პირები 5 ივლისს დააკავეს.