ძველი ეგვიპტე

All Gizah Pyramids.jpgძველი ეგვიპტე (ეგვიპტურად:  "კემე" - შავი ქვეყანა) იყო უძველესი ცივილიზაცია აღმოსავლეთ ჩრდ. აფრიკაში, ნილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს[1], პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის პოლიტიკური გაერთიანებით, რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა.[2] მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური "სამეფოს" სერიას, რომლებსაც შედარებითი არასტაბილურობის პერიოდები აცალკევებს (ცნობილი როგორც "გარდამავალი პერიოდები"). ძველმა ეგვიპტემ განვითარების პიკს ახალი სამეფოს პერიოდში მიაღწია, რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიოდში გადადის. გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამდენიმე უცხო სახელმწიფოს. ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ. წ. 31 წელს, როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია.[3]
ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.[4][5]
ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტური მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით.[6] ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.