იუდაიზმი

იუდაიზმი (ებრ. יהדות - იაჰადუთ) ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა.
უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.
უდაიზმის ტრადიციული თვალსაზრისით, რომელიც თანამედროვე მკვლევართა აზრსაც ემთხვევა, იუდაიზმი რამოდემიმე მნიშვნელოვანი თვისებით განსხვავდებოდა მისი წარმოშობისას არსებული სხვა რელიგიური ტრადიციებისგან. ერთი ასეთი თავისებურებაა მონოთეიზმი: სამყაროს შემქმნელი და კაცობრიობის გამკითხავი ღმერთის რწმენა. მაშინდელი პოლითეისტური რელიგიების მიხედვით სამყარო შემთხვევით გაჩენილი იყო, ხოლო ღმერთებს სხვა ღმერთებთან ურთიერთობა ადამიანთა ბედზე მეტად აწუხებდათ. პოლითეისტურ წარმოდგენაში ღმერთები საკუთარი ვნებებით იყვნენ დაკავებულნი და მათი ძალებიც შეზღუდული იყო, იუდაიზმის მიხედვით კი ღმერთი უსაზღვრო ძალის და ყოვლისშემძლეა, რის გამო სამყაროს მარტოდმარტო შექმნის უნარსაც ფლობს; იუდაიზმის მეორე თავისებურება მისი მიმდევრებისთვის თორაში აღნიშნულ მცნებათა შესრულების ვალდებულება იყო. იმდროინდელი ხალხების მსგავსად ებრაელებსაც ჰქონდათ ტაძარი, სადაც ქურუმები ღმერთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ოღონდ ეს არ ყოფილა ებრაული ღვთისმსახურების ერთადერთი საშუალება.
მკვლევარებს უჭირთ მონოთეიზმის აღმოცენების პერიოდის დადგენა. ორთოდოქსული იუდაიზმის მიხედვით, ხალხური მასშტაბით ასეთი რწმენის მიღების სათავე ებრაელებისათვის ათი მცნებისა და თორის (ბიბლიის) გაცემა იყო, - სწორედ ამ საშუალებით უბრძანა ღმერთმა ებრაელებს მხოლოდ და მხოლოდ მისი მსახურება, ხოლო სხვა ღვთაებათა თაყვანისცემა ან მათ ხელოვნურ განსახიერებათა წინაშე ქედის მოხრა აუკრძალა. თორიდან გამომდინარეობს იუდაიზმის ფუძემდებელი პრინციპები: ერთადერთი ღმერთის არსებობა, მარადიულობა, მისი გაუნაწილებელი ავტორობა სამყაროს შემოქმედებაში და მისი გარდაუვალი სურვილის გამოხატულება ისტორიულ მოვლენათა სვლაში. ებრაული თვალსაზრისით, ათი მცნების გამო მათ ეკრძალებათ ყოველი სხვა ღმერთის, კერპის, სულის თუ ხატის მსახურება; შესაბამისად, ისინი (მორწმუნენი) თვით ღმერთის ორმნიშვნელოვნად ან სამებად წარმოდგენას თვლიან მწვალებლობად, რომელიც პოლითეიზმს ჰგავს. ღმერთის უნიკალურობის იდეა თორის ძირითადი პრინციპია. ამის გამო, მისი კანონით ებრაელებს ეკრძალებათ ყოველი ისეთი საგნის გაკეთება ან ფლობა, რომლის წინაშეც ადამიანს ქედის მოხრა შეუძლია (მაგ. ღმერთის სურათის ან ქანდაკების). ამ გაგებით, რადგან ღმერთი უხილავია, ადამიანმა არ უნდა მოიხაროს ქედი რაიმე არსების ან საგნის წინაშე, რაც თავად არაა ღმერთი.
ძველად ებრაელებსაც ჰქონიათ სალოცავი და მსხვერლპშესაწირავი ტაძარი იერუსალიმში, სადაც ძირითადად დღესასწაულებისას იკრიბებოდნენ. მიუხედავად ამისა, წლის დანარჩენ დღეებშიც არ წყვეტდნენ ქოჰენების (ქურუმების) ყოველდღიური ყოფის მიბაძვას, როგორც თორის კანონებითაა განსაზღვრული. სხვა რელიგიებთან შედარებით ღვთისმსახურებისადმი უფრო პრაქტიკული მიდგომით, იუდაიზმი დღესაც ცდილობს მორწმუნეთა ყოველდღიური ცხოვრება ძველებრაულ ტაძარში ქურუმების მიერ წარმოებული ყოველდღიური ღვთისმსახურების დონემდე აამაღლონ. ამ მიზნის მისაღწევად თორაში (ებრაულ ბიბლიაში) 613 მიცვა (מצווה), ანუ ღვთის განკარგულებაა მოცემული. მიცვების შემსრულებელი მორწმუნეები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას (ისეთი ტრივიალური ქცევების ჩათვლით, როგორც ხელ-პირის დაბანა და მისთანანი) რიტუალური წესების მიხედვით წარმართავენ. მიცვების შემსრულებლებს იუდაიზმი გან-ედენს (სამოთხის ბაღს) ან ოლამ ჰა'ბას (მომავალ სამყაროს, ე.ი. მესიის მოსვლისას მკვდრეთით აღდგომას) ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ აქედან იუდაიზმი მხოლოდ მკვდრეთით აღდგომით რწმენას ავალდებულებს ებრაელებს.ებრაული ბიბლიის თემაა ისრაელიტთა (იგივე ებრაელთა) ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ეს გამოიხატება მათ ისტორიაში დროის დასაბამიდან მეორე ტაძრის პერიოდამდე (დაახ. ჩვ.წელთაღრიცხვამდე 350 წლამდე). ეს ურთიერთობა აღწერილია როგორც უწყვეტი ისტორია, რომლის განმავლობაში ებრაელთა სულში ერთმანეთს ეჭიდება ღმერთის რწმენა და სხვა ღმერთებისადმი მიზიდულება. ისეთი მნიშვნელოვანი ებრაელები, როგორც აბრამი, იაკობი და მოსე, ღმერთსაც შეეჭიდნენ თორაში (აბრამი და იაკობი ღმერთს ზოგჯერ გაბედულად შეეპასუხნენ, ხოლო იაკობი სიზმარში ღმერთს ფიზიკურად შეებრძოლა).
ორთოდოქსული იუდაიზმისა და მორწნუნე ებრაელთა აზრის მიხედვით ბიბლიური პატრიარქი აბრამი პირველი ებრაელი იყო. რაბინული ლიტერატურის მიხედვით მან კაცობრიობაში პირველმა უარყო კერპთაყვანისმცემლობა და მონოთეიზმი იქადაგა. შედეგად, მას ღმერთმა ურიცხვი შვილი აღუთქვა (დაბადება 15:5). აბრამის პირველი შვილი იშმაელი იყო, ხოლო მეორე ვაჟი - ისაკი. ისაკის შეძენისას ღმერთმა თქვა, რომ ის გააგრძელებდა აბრამის სულიერ შრომას, ხოლო მისი შთამომავლობა ეგვიპტეში გადახვეწისა და იქედან გამოხსნის შემდეგ ისრაელის მიწას დაისაკუთრებდა. ღმერთმა ისაკის ძე იაკობი და მისი შვილები გვალვით აიძულა ქანაანიდან ეგვიპტეში გადასულიყვნენ, სადაც მრავალი თაობის შემდეგ ებრაელები დაიმონეს. მონობისაგან გამოსახსნელად ღმერთმა ებრაელებს მოსე მოუვლინა, ეგვიპტიდან ისინი თვითონ გამოიყვანა, სინაის მთაზე მათ თორა მისცა და საბოლოოდ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. მთასთან ღმერთმა მოსეს ძმის - არონის შთამომავლობა ქოჰენების (ქურუმების) კლასად დაამტკიცა. ისინი საბოლოოდ იერუსალიმის ტაძარში მსახურებდნენ.
მებრძოლ ებრაელთა ისრაელის მიწაზე დასახლების შემდეგ აქამდე მოძრავი ღვთის კარავი (რომელიც ღმერთმა ქურუმობასთან ერთად დააწესა) შილოში დამკვიდრდა 300 წლით. ამ დროის განმავლობაში ღმერთმა ერს ღირსეული კაცები, ზოგჯერ კი ქალებიც მოუვლინა თავდამსხმელ მტერთა წინააღმდეგ მის ასამხედრებლად. ზოგი მტერი ღვთის გამოგზავნილი იყო ცოდვებისათვის ხალხის დასასჯელად. ეს ამბები აღწერილია ისუ ნავეს ძისა და მსაჯულთა წიგნებში. რაც დრო გადიოდა, ერის სულიერი დონე უფრო და უფრო ქვეითდებოდა, სანამ სამაგიეროს გადასახდელად ღმერთმა ფილისტიმიელებს შილოში დადგმული ღვთის კარვის ხელში ჩაგდება შეაძლებინა. მაშინ კი ებრალმა ერმა შეიცნო საკუთარი დაკნინება და სამუელ წინასწარმეტყველს სთხოვა ტომთა ბელადებისა თუ მსაჯულების ნაცვლად მისთვის მუდმივი მეფე ამოერჩია (როგორც მეზობელ ხალხებს ჰყავდათ). სამუელმა უხალისოდ შეასრულა ეს თხოვნა და ღმერთის დასტურით მეფედ აირჩია ბრწყინვალე, მაგრამ თავმდაბალი ადამიანი - საული. როდესაც ხალხის ზეგავლენით მან სამუელის განკარგულება დაარღვია, ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა, რომ მის მაგიერ მეფედ დავითი ეკურთხებინა. (ეს მოთხრობილია სამუელის წიგნებში).
როგორც კი დავით მეფემ თავისი ძალაუფლება განამტკიცა, მან ნათან წინასწარმეტყველს უთხრა, რომ ღვთისთვის მუდმივი ტაძრის აშენება სურს. მისი ღვაწლის სამაგიეროდ ღმერთი შეჰპირდა დავითს, რომ ტაძარს მისი შვილი ააგებდა, ხოლო სამეფო გვირგვინი არასოდეს გამოეცლებოდა მის შთამომავლობას. (თვით დავითმა ვერ მიიღო ტაძრის აშენების ნება, რადგან ბევრ შინა-ომებში მონაწილეობდა და ღმერთს არ უნდოდა ის მშვიდობის სიმბოლოდ ასაგები ტაძრის მშენებლად ეცნო). პირველი მუდმივი ტაძარი ღვთის ნებით მართლაც დავითის ვაჟმა - სოლომონმა ააგო იერუსალიმში, როგორც მეფეთა წიგნებშია აღწერილი.
სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო ორად გაიყო: ისრაელის და იუდეის სამეფოებად. დაახლოებით 200 წლის შემდეგ, კერპთაყვანისმცემლობის გავრცელების გამო, ღმერთმა ისრაელის სამეფო ასურეთს დააპყრობინა და მისი ხალხი გადაასახლებინა. სამხრეთში, იუდეის სამეფო, რომლის დედაქალაქ იერუსალიმში ტაძარი იდგა, დავითის დინასტიის სამფლობელოდ დარჩა. როდესაც იუდეაში კერპთაყვანისმცემლობა ისე მომძლავრდა, როგორც ჩრდილოეთში, ღმერთმა ეს სამეფო ბაბილონს დააპყრობინა. დამპყრობლებმა დაანგრიეს ტაძარი, რომელიც 410 წელი იდგა, ხოლო იუდეველები ბაბილონში გადაასახლეს. ხალხს ნუგეშად დარჩა ღვთის აღთქმა, რომ ისინი 70 წლის შემდეგ გამოიხსნებოდნენ. ეს ამბები მოთხრობილია ისაიას წიგნში და იერემიას წიგნში.


დასავლეთის კედელი ერთადერთი ფრაგმენტია, რაც იერუსალიმის მეორე ტაძრისგან დღემდე შერმორჩა. ტაძრის მთა უწმინდესი ადგილია იუდაიზმში
70 წლის შემდეგ ღმერთმა სპარსელებს ებრაელები, ეზრას ხელმძღვანელობით, იუდეაში დააბრუნებინა. რეპატრიანტებმა ტაძარიც აღაგეს. ეს აღწერილია ეზრას წიგნში და ნეემიას წიგნში. მეორე ტაძარი 420 წელი იდგა, სანამ შინა მტრობისათვის დასასჯელად ღმერთმა იუდეველებს რომაელები არ შეუსია. ტაძარი რომაელმა სარდალმა (შემდეგ იმპერატორმა) ტიტუსმა დაანგრია. ის დანგრეული უნდა დარჩეს, სანამ ღმერთი მესიად არ მოავლენს დავითის თესლის ადამიანს, რომელიც ისრაელს დაუბრუნებს ძველ დიდებას და იერუსალიმის ტაძარსაც აღაშენებს.
სინაის მთაზე მიღებული თორა მოსეს ხუთ წიგნს მოიცავს. მსაჯულთა, მეფეთა, წინასწარმეტყველთა და ჟამთაღმრიცხველთა წიგნებთან ერთად, ხუთწიგნეული დაწერილ თორას შეადგენს. თორის განკარგულებათა დეტალებს და ინტერპრეტაციას, რომელიც ღმერთმა მოსეს არ დააწერინა მთაზე და მხოლოდ დააზეპირებინა, ზეპირი თორა (תורה שבעל-פה, თორა შე'ბე'ალ-პე) ეწოდება. მეორე ტაძრის დანგრევამდე, ეს თორა მართლაც ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ მხოლოდ სასულიერო წოდების ადამიანებს (ქურუმებს, მსაჯულებს, რაბინებს). ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც დიასპორაში ებრაელთა დევნამ იმატა, ზეპირი ტრადიციის გაწყვეტის შიშით, რაბინებმა ამ თორის ჩაწერა დაიწყეს და ასე შეადგინეს მიშნა (משנה). მომდევნო საუკუნეებში (მე-7 საუკუნემდე) თვით მიშნის რაბინული ინტერპრეტაცია მიმდინარეობდა; მიშნაში მოცემული ზეპირი თორის რაბინულ ინტერპრეტაციას თალმუდი (תלמוד) ეწოდება. ზეპირი თორის რაბინული განხილვა სხვა წმინდა წიგნებშიცაა.
მიუხედავად მონოთეიზმის ფუძეულობისა რაბინულ (იგივე ორთოდოქსულ) იუდაიზმში, ბიბლიის კრიტიკულად მკვლევართა მტკიცებით თორის ზოგი ნაწყვეტი იმაზე მიუთითებს, რომ ადრეულ ისრაელიტებს სხვა ღმერთებიც სწამდათ, თუმცა თვით ღმერთი სამყაროს ერთადერთ შემქმნელად მიაჩნდათ, რომლის მსახურებაც სავალდებულოა (ეს ჰენოთეისტური შეხედულებაა). იუდაიზმისწინა პოლითეისტური რწმენის ახალი საბუთი უგარითის გათხრებში აღმოჩნდა, სადაც თიხის ფირფიტებზე ღმერთთა პანთეონის აღწერა იპოვეს, რომელთაგანაც ზოგი თორაშია ნახსენები. სწავლულთა უმეტესობის აზრით, ებრაელებმა მხოლოდ ელინისტურ ხანაში ირწმუნეს, რომ სამყაროს ერთადერთი ღმერთი ჰყავს, რომელიც მთელი კაცობრიობის ღმერთიცაა და რომლის გამოცხადების საბუთი (თორა) უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს. თითქოს ეს გამოიხატება, ერთი მხრივ, უცხოელთა იუდაიზმით დაინტერესების ზრდაში (ბერძენთა და რომაელთა ნაწილი ებრაელებს ყველაზე "ფილოსოფიურ" ხალხად თვლიდა, რადგან მათ ვიზუალურად წარმოუდგენელი ღმერთი სწამდათ), ხოლო მეორე მხრივ, ებრალთა მზარდ დაინტერესებაში ბერძნული ფილოსოფიით, რომელიც უნივერსალური ჭეშმარიტების დადგენისაკენ მიილტვოდა და ამგვარად, შესაძლოა, მონოთეიზმის იდეამდეც მიიყვანა აზროვნება (თუნდაც იმ გაგებით, რომ "ყველა ღმერთი ერთია").
ამ თეორიის მიხედვით, ელინისტურ ხანაში ებრაელები საკუთარ რელიგიურ პარტიკულარიზმსა და ამავე რელიგიის უნივერსალიზმს შორის არსებულ კონფლიქტს შეეჭიდნენ (რადგან თორის განკარგულებათა შესრულება მხოლოდ ებრაელებს ევალებათ, მაგრამ თვით თორა უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს). ეს გამოიხატა რელიგიურ რწმენათა და წესთა მთელ რიგში, რომელიც ეხება ვინაობას, ეთიკას, ადამიანთა ურთიერთობას ბუნებასთან და ღმერთთან, თანაც ამოწმებს და უპირატესობას ანიჭებს "განსხვავებებს" - განსხვავებებს ებრაელთა და არა-ებრაელთა შორის, ებრაული ღვთისმსახურების სხვადასხვაობას ლოკალურობის მიხედვით, ერთი და იგივე სიტყვათა სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას ტექსტებში, ტექსტებშივე არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს (რომლებიც კოდიფიკაციით ინახებოდა). ამ განსხვავებათა დაცვის მიზეზი, რომლის შედეგიც რწმენის ერთიანი დოგმის მიუღებლობა იყო, ზემოთაღნიშნულ კონფლიქტში უნდა ვეძიოთ.
ბიბლიისადმი მართლმადიდებლური იუდაიზმის მიდგომისაგან განსხვავებით, ბიბლიის კრიტიკულად მკვლევართა აზრით თორა მრავალი ურთიერთშეუფერებელი ტექსტისგან შესდგება, რომელთა გვიანი რედაქტირება ერთი და იგივე მონათხრობების სხვადასხვანაირი გადმოცემით იპყრობს ყურადღებას (ე.წ. დოკუმენტური ჰიპოთეზა).