რომის პაპი

რომის პაპი ( ლათ.Papa < ბერძ. Papas - მამა), კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად ("ქრისტეს ვიკარად") და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ბენედიქტე XVI არის პეტრე მოციქულის 265-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, 1523 წლიდან (კლიმენტი VII) 1978 წლამდე (იოანე-პავლე II) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ იტალიელებს ირჩევდნენ. იტალიელთა გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ფრანგი (19-ჯერ), ბერძენი (15-ჯერ), სირიელი (7-ჯერ), ესპანელი (7-ჯერ), გერმანელი (6 -ჯერ), ეგვიპტელი (ალექსანდრიიდან, 2-ჯერ), ინგლისელი, პოლონელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი პაპები.

რომის პაპის ხელისუფლება შეუზღუდავია, მისი საეკლესიო პრიმატი ემყარება ვატიკანის I საეკლესიო კრების (1869-1870) გადაწყვეტილებას, ხოლო ეკლესიის მმართველობაში ნომინალურად მონაწილეობს ვატიკანის II საეკლესიო კრების (1962-1965) დადგენილების შესაბამისად (ეპისკოპოსთა კოლეგია). 1965 წელს შექმნილ ეპისკოპოსთა სინოდს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვს. რომის პაპი იწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ამტკიცებს მათ დადგენილებებს, ანიჭებს კარდინალის წოდებას; ამტკიცებს ეპისკოპოსებს, მას ექვემდბებარებიან მონაზვნური ორდენების გენერლები.

რომის პაპის რეზიდენცია ვატიკანშია. იგი ვატიკანის შეუზღუდავი გამგებელია, ატარებს საკუთარ საშინაო და საგრეო პოლიტიკას თავისი ლეგატების, ენციკლიკებისა და ეპისკოპოსთა მეშვეობით. სხვადასხვა ქვეყნებში რომის პაპი გავლენას ახდენს კათოლიკური პარტიების, პროფკავშირების და საერო ორგანიზაციების მოღვაწეობაზე.