მეტალიკა

მეტალიკა (ინგლ. Metallica) — ამერიკული მეტალ-ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში, აშშ, ჯეიმზ ჰეტფილდისა (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხის (დრამი) მიერ.
მეტალიკის ადრინდელი ჩანაწერები შეიცავდა სწრაფ პარტიებს, ინსტრუმენტალებს, აგრესიულ მუსიკას, რამაც ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში მოაქცია ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: სლეიერი, მეგადეზი, ანთრაქსი.[1] 1986 წელს გამოსული ალბომი „Master of Puppets“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „მძიმე“ თრეშ მეტალის მიმდინარეობის ალბომად. ნამდვილ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა 1991 წელს ალბომის „Metallica“ გამოშვებისას მიაღწია, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა.[2]
მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, ორი ცოცხალი ალბომი, ორი EP, ოცდაოთხი მუსიკალური ვიდეო და ორმოცდახუთი სინგლი. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ამ დროისათვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.[3]