ელიზი ჯგუფის` პრეზიდენტის დაკავება

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს  ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა 2004 და 2010 წლებში ჩადენილი დანაშაული.
მექრთამეობის, კომერციული მოსყიდვისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემული საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ ქორჩილავა, ექსპერტ-ფსიქიატრები - გიორგი ნანეიშვილი, თეიმურაზ ხარებავა, ზურაბ ბერია, თეიმურაზ სილაგაძე, თამარ გოჩიტაშვილი,  ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, მისი ბიზნესპარტნიორი თეიმურაზ მაჭავარიანი, ადვოკატი სალომე ივანიშვილი და ზურაბ ივანიშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა, მისი შვილის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გურამ ელიზბარაშვილის სასჯელის გადავადებისთვის საჭირო შეურაცხადობის დასკვნის მისაღებად, რძლის - სალომე ელიზბარაშვილის და მისი მამის - ზურაბ ივანიშვილის მეშვეობით, 2010 წლის 3 ივლისს მოისყიდა სს `ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის` დირექტორი ექსპერტიზის დარგში თეიმურაზ ხარებავა, რომელსაც გადასცა 2 000 აშშ დოლარი. ამ თანხის საფასურად თამაზ ელიზბარაშვილს უნდა მიეღო კიდევ ერთი ყალბი ექსპერტიზის დასკვნა, რადგან 2010 წელს ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეჟიმის შეცვლის დროს ექსპერტთა სხვა კომისიამ გურამ ელიზბარაშვილი ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანად ცნო, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან სასჯელისათვის თავის არიდების შესაძლებლობას.

ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დასამზადებლად თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წელსაც მიმართა. მაშინ იგი დაუკავშირდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მერაბ ქორჩილავას და სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტებს - გიორგი ნანეიშვილს, თეიმურაზ ხარებავას, ზურაბ ბერიას, თეიმურაზ სილაგაძეს, თამარ გოჩიტაშვილს. მიიღო ყალბი ექსპერტიზის დასკვნა მისი შვილის შეურაცხადობის შესახებ, სანაცვლოდ კი - 2004 წლის აგვისტოს ბოლოს მეგობრის - თეიმურაზ მაჭავარიანისა და შვილის სიმამრის - ზურაბ ივანიშვილის შუამავლობით მათ საერთო ჯამში 30 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
ამ ეტაპზე ყველა ეჭვმიტანილმა, ზურაბ ივანიშვილის გარდა, დანაშაული აღიარა. 2010 წლის 6 ივლისს მათ ინდივიდუალურად წარედგინათ ბრალდება ზემოთ ნახსენები ყველა დანაშაულისათვის. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
თამაზ ელიზბარაშვილის შვილს გურამ ელიზბარაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის 21 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მან 2001 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ დაბადების დღეზე სიცოცხლეს გამოასალმა 19 წლის მიხეილ ცილიკიშვილი, ასევე მძიმედ დაჭრა მისი ბიძა ნუგზარ ცილიკიშვილი.