საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტს ფრანგული პრესა გამოეხმაურა

ფრანგული პრესა საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტს გამოეხმაურა. გამოცემა "20 minutes" საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ვიზიტს ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართული რუსეთის ძალისხმევის დასამარებად მიიჩნევს.
საფრანგეთს არასდროს შეუსუსტებია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი პუტინის ვიზიტის წინა დღეებში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია.
ეს ჩემი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას მარხავს - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს უპირობო და უყოყმანო მხარდაჭერას უწევს.
ფრანგული გამოცემის შეფასებით, დღეს საფრანგეთი განაგრძობს აქტიურობას, რათა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევაში დაეხმაროს.
მიხეილ  სააკაშვილთან შეხვედრაზე სარკოზიმ გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარე ზაფხულიდან დაიწყოს.