თამარ ბურდული





არცვისსაფერნი სვილისფერანნი

ეძღვნება ჩემს ქალიშვილს ალექსანდრა, ნიტა ბურდულს, უტკბილეს მეუღლეს იოსებ ბურდულს, სამუკათ ხვარამზეს, ილუმენია თეოდორას, სანუკვარ მეგობრებს, მათ შორის დანიის პრინცს ჰამლეტს: `მე სახსოვრები რომ მაქვს თქვენგან, დიდიხანია მინდოდა უკან მომერთმია, ხელმწიფისშვილო~.

`... მან განანათლა თუალნი გულისა ჩუენისანი და მოგუმადლა ჩუენ ცნობაი მისა მიმართ... ვეძიებდეთ მას დაუკლებლად. ნეტარ არს რომელმან განჰმზადა თავი თვისი, რაითა აღივსოს სიყუარულითა მისითა, რამეთუ სხუაი სიყუარული
სანუკვართ...
თრთოლვით დაჰკვლევდა, დაჰღიღინებდა
მიღმიერ დრეთა მოსაგონარებს:
პაპიანთ ბატარა ქალას
ცხორი ცას მიუდიოდა,
ცხორი ცად მიუდიოდა...
გულსაგონშიით კიაფობდნენ
მწუხრშემკმარი კამკამღილანი,
ისრივ მათ უნდა დარჩომოდათ
მისი ბავშვობა... მისი სულისთქმა
საწუთროსათვინ დასაწყრულებლად
ერთწამისად გამოხსნილი
წყალშიით შლილი მარადისობა,
უტყვი წარსულის ანარეკლი,
პატარა გოგოს ყოილთვალები _
განხმულ ცისკარი,
სანათას მზერას ენაცვლებოდა _
მანუკვარ შორეთს... უსასრულობას...
შორს... წლების იქეთ... დროის გადაღმა...
მიმწუხრიდან პირაქათ მხარეს,
შებურვილი სევდის პერანგით,
სიკვდილის დღისთვინ სახილველი
ვიდოდა კაცი სვილისფერაი...
როგორაც დახსნილ ტკბილსახსოვარნი
ისრე სწყდებოდნენ ხექალას ბაგეთ
დაძრულ სიტყვანი
შესაგებელნი ძმასაქმაროსთვინ:
`შენ მოხველ, მზეც ამოვიდა,
მეც აქ მოვშავდი ქოლვილი...
შენ წახვალ მზეცა წავალის,
ვარდი დაჭკნება, ყოილი...
ტურფა ბაღი და წალკოტი
ეკლითა ვინემ შენარა,
რკინისა კარი შეაბა,
კლიტე მე მომცა, შენ არა,
სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ
თავსა მე მივცემ, შენ არა!..
ეჰაა, ისიც მამერგოს _
მე მიყვარდე და შენ არა...
თენდები... ნურც რას თენდები,
დიდო ღამეო სთვლისაო...
ამოხვალ ნურც როს ამოხვალ
ცისკარო თენებისაო...~
გაშლილი თითნი გულზედ ესხა
როგორც შროშანნი
მთვარიანში აყვავებულნი...
მრეროდა ქალი...
წლებს იქათ, სადამ...
მწუხრის გადაღმა
ვიდოდა მოყმე სვილისფერაი,
თან მიჰყვებოდა განხმული მზერა _
ულურჯესი ცისკაბადონი...
იშლებოდნენ კამკამღილანი...
შორს წლების იქეთ, ხევის გადაღმა
ხდებოდა მგზავრი სვილისფერაი...
სანათა მაინც გაიხსენებდა...
ცისად მანუკვარ ამოსთქომდა
ღრუბლის სიმღერას...
იმ სიმღერისას იუბნებდა
კაცის თვალებზე... ყვავილმინდვრებზე
გზად რომ იხილა...
თავად ღრუბლებზე... იქავ თვალშიით
რო აშალნეს ჩამამხდარ ფრთენი.
მარტუა იდგა ახოთ ქედაზე,
მარტუა, ერთა, როგორც ხვარამზე,
როგორაც სხვანი, სხივთმოქსოილნი,
არცვისსაფერნი სვილისფერანნი,
დაღდასმულნი გულზედ შროშანით.
მარტუა იდგა ახოთ ქედაზე...
მარტუა სხეპდა ნაფუძვნარშიით
წელამდინ მოსრულ ნამუკმევ ბალახს...
წუხდა სანათა... ეჰაა, ისეთა არღა იდგნენ
სამზეოს ცისქვეშ დაჟამკვრულ კდენი,
ნაშალყორენი... თამაშობისას დაჰკარგვოდა
წაწალს სათითე ტკბილსახსოვარი,
თამაშობისას შემოხსნოდათ
ხელთფსკვნილ ზალტენი...
ეგების არღა წვიმდებოდნენ
თეთრი ღრუმბელნი...
სანათასათვინ ფთებსაც რო შლიდნენ
განხმულ ცისკარზედ...
`ვამე, რა მარხედ მიყორხარ...~
ტიროდა ქალი... თავსამც ერჩივნა!..
ცაი თუ მიწა... ხენი თუ ფშანი მურყნოვანნი?..
დაჯავრულ ლოდნი, სიპთნასხეპნი...
სრავალ მასკვლავნი მთოვარენი...
ღრუმბელთ სამწყსონი...
ვით განერჩივნა,
რა მაერქმივნა, ამ წყურვილისთვინ...
თრთოდა სანათა...
ფიქრსაგონშიით უხილველ შემწედ
თვით პასუხი იბადებოდა _ ზესახიერი...
სანუკვარი, კდესურვილაი, პირზედ შროშანი,
უტკბილესი თავად სიტყვაი _
შემოქმედი კიდით-კიდემდენ...
სიტყვაი ქმნიდა... ახმიანებდა
უვრცელეს სამწყსოს...
`რა ვქნისა~ ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა.
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა.
მემრე თქვეს დრო რო მოალის
კარ გაიღების თავადა~.
ამოსთქომდნენ არცვისსაფერნი,
სხივთმოქსოილნი, სვილისფერანნი,
ღიღინით სთვლიდნენ:
`მთვარეო მთვარის ნალეო,
ჭიჩოს თავ მოდი მალეო...~
დაუყუჩარი სიტყვისა ძალით
ხელდასხმული ეგებებოდა სანათაი
ზეციურსა ძმასაქმაროსა.


ხვნა-თესვას მახდნენ ციურნი,
ტალღა-ბელტთ ამაჰყრიანო,
ფშანზენით წვიმათ აპნევენ,
თავქვენით ჩამამკიანო.
არღა ხანობენ ღვთისანი,
წყალწყალას ჩამარცვლიანო.
ცხრა ურემ ნისლიანასა
თვირთვილად ჩამასცრიანო

 



იქ, სადაც...
`ნუ გაიხედავ ფანჯარაში საიდანაც იწყება ღამე~
პოლ ვალერი
იქ, სადაც კარს იქით გვხვდება კარი...
იქ, სადაც ღრუბელთ გარდიტანს ქარი,
იქ, სადაც მუდამ ეძებენ გზას,
იქ, სადაც ვერ პოულობენ ხსნას,
იქ, სადაც კითხვა იშვება მხოლოდ,
იქ, სადაც მე დავიმკვიდრე ბოლოს,
იქ, სადაც... ნუ მიმატოვებ, გთხოვ...
იქ, სადაც გადაივიწყეს დრო.


`მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი~
სოკრატე
`იყავით თავმდაბლები, ამაყად თავმდაბლები, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეჰფერის, გახსოვდეთ კასტილიური ანდაზა: `არავინ არავინ არ არის~ ეხლა მაინც თუ ხვდებით რატომ ვართ დიდი ადამიანები თავმდაბლები?..~
ხუან დე მაინერა


გათენდა დღე ფერდაცლილი
და დღე ცარიელი...
ვერაფერს ვხედავ...
ვერაფერს ვარჩევ...
და რომ ვერ ვხედავ
უხილავს ვამჩნევ.
არარა მესმის,
არარა ვიცი.
და ეს რომ მესმის
და ეს რომ ვიცი
იმიტომ მესმის სულყველაფერი...
იმიტომ ვიცი სულარაფერი.


ახოთ ქედ ერთა იაი
შუქურა მასკვლავთა სთვლისა,
წვრიმათპირ მაცქირალაი
სულწუხად რასმე ღივისა,
ქავთარათ ხიბლით შაძრული
ხვთისა დიდებას იტყვისა.
ვისზედ რა დაწუხებული
გულდალევითა სტირისა...
ახოთ ქედ ერთა იაი
მასკვლავთ სთვლის ისავ სძლისპირსა.




მე ვირგებ ნიღაბს
(ჰამლეტს)*

“Розы?..Но ведь это же-тсе! – Будущность!
Рвем -и новые растут! Предали ль
Розы хотя бы раз? Любящих -
Розы хотя бы раз? – Убыли ль?...”
М. Цветаева

და უხილავი, გრძნეული ლანდი
გაკვეთავს სივრცეს... მოხედავს სცენას...
მე ვირგებ ნიღაბს...
ოო, ოფელია, ჩემო ძვირფასო...
წყევლად მოიქცნენ შენეული თეთრი ვარდები,
ღიღილოებმა დამათოვეს შავფიფქთა მტვერად.
მე ვირგებ ნიღაბს...
უნაყოფოა ეს სამყარო და მაინც ვეძებ
დაკარგულ გრძნობებს _ სიკეთეს ჩავლილს,
ვიღაც მეძახის... ახლოდან ისმის:
_ შენ ეი, ჰამლეტ, დანიის პრინცო, ნუღარას ელი!
არარსებულა ლურჯი ზმანება _ საუფლო შენი!
მე ვირგებ ნიღაბს...
ეს გარდუვალი გარდაცვალება
წინასწარ მტანჯავს,
ეს იდუმალი უსასრულობა
სულს რატომ ზარავს?!
ერთბაშად დაჭკნენ შენეული თეთრი ვარდები,
ღიღილოებმა ჩამოთოვეს შავფიფქთა მტვერად.

დაიწერა სპექტაკლ `ჰამლეტის~ ნახვის შემდეგ. ჰამლეტს თამაშობდა მსახიობი მერაბ ნინიძე.



ვის რა ამოსთქომს?..

`... თავისი სულისმიერი ქმედების სიმაღლეზე
იმ ერთი კაცის გამო კი არ ვაებდა, რომელმაც
მისი მკლავები სამუდამოდ გაშლილი დატოვა,
არამედ უკვე შეუძლებელი სატრფოს გამო
გოდებდა, მის სიყვარულს რომ შეეზარდა. ~
რ.მ. რილკე

`ან შენი ნანდაური მქნა
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
მარხედამც დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი~
ხვარამზე

ვის რა უძლევა სურვილ ჩაჰყოლავ ხევაის წყალსა,
ვის რა უთქმელა დარდა შაუკრავ მგზოვანის ძალსა,
ვის რა პირმცინარ ია ამოსთქომს ჯალაის კარსა,
ვის რა უძებნავ თავისფერაი მასკვლავას დარსა,
ვისა რა ნატვრა უპოვნავ ქარას იალათ გზასა,
ვისა რა სულთქმა დარჩობავ მნათად უძინარ ღამსა,
ვის რა ოხვრაი აავლევს ბეგით ხევაის ჩქამსა,
ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა,
ვის რა სასთაულ უქცევავ ლოდად უხდინარ ჯავრსა,
ვის რა ცრემლაი ულევნავ მთორეს აღვსების ჟამსა,
ვის რა მზერაი დაჰკვლევსა აროთ უხელნავ ცალსა,
ვის რა უწირნავ კდესურვილაი კვირიის ხატსა,
ვის რა ჩაშჭკნობავ ღარადელაი ხელუხლავ თმასა,
ვის რა გაუგავ სწორფერისაი, მეტობდინ ავსა,
ვის რა დარჩობავ, ვის რა წაუღავ სულეთის გზასა,
ვის რა ამოსთქომს ნელსუნნელაი ჯალაის კარსა,
ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა,
ვის რა დაასხამს სულთპეპელაი ნაკმეჭა ფთასა?..



ჯალაის კარი _ საგვარეულო სამარხი (ქავთარათას)
ღარადელა _ ყვავილთა წნულა...




ხედ რამა გავხე, რაი შამიძლავ?..
მარტუა შავჩი ჩამამკილ ყანას.
წუთისოფლისა ვერცრა გამიგავ,
ღილკილოდ ვისხამ ჩამამწყდარ ნამას.
ფათოლსაგონას ჩავავლევ მიწად,
ჭირად ვუხდები ბილიკზედ მავალს,
ვისამა ხელჩი ვკამკამობ მძივად,
ვისამა ფეხას გავებმი ჯღანად.


ვუძღვნი ჩემს პაპას თევდორე ქავთარაძეს

`ნეტარ არიან გლახაკნი სულითა,
რამეთუ მათი არს სასუფეთელი ცათაი~
მათე 5,3.
თევდორე მწყემსის თვალთა შიგან გამომავალი ზეციური ნათელი, ამცისქვეშეთში დამკვიდრებულ ყოველ სულიერს ხარებად, მადლად ეფინებოდა, მას არასოდეს არავინ განუკითხავს... ბოროტების წილ ბოროტი არავისთვის მიუზღავს... თანასოფლელები ამ ხვთისნიერ, ცოდვილთა და მტერთა შემწყნარებელ ადამიანს საწყალ თედუას ეძახდნენ...


ნეტა, ვინ გლოცვიდა, თევდორე,
საწყალო, ზეციერო თევდორე?..
`თვალთაგან ლოცვაი გხდებოდეს,
პირზედა შროშანი გჩნდებოდეს,
ყოილთა სუნნელით სტკბებოდე,
წვიმისა წყალობით სთვრებოდე,
ყოველსა დაცემულს შველოდე,
ყოველსა მწუხარსა ჰფერობდე,
გაზაფხულ თოვლისად ლღვებოდე,
ცისკარსა გალობით ხლებოდე.
ავთოვლსა, გულლოდსა სწყრებოდე,
სძლისპირსა შენდობად სცხრებოდე.
წმიდითა აღვსებულ ჰკრთებოდე,
უფლისად განდობილ ჰკვდებოდე.
ყოველსა სწყალობდე, თევდორე.
არვისსა ძრახვიდე, თევდორე~.
რა ძალი გლოცვიდა, ნეტარო,
სულხსნილო, საწყალო თევდორე?
ცათაშინ მასკვლავნი ზეობდნენ,
ზენა ხმას ზეპურნი ჰყვებოდნენ:
`თვალთაგან ლოცვაი გხდებოდეს,
პირზედა შროშანი გჩნდებოდეს,
გულლოდსა, უღმრთოსა სწყრებოდე,
სძლისპირსა შენდობად სცხრებოდე~.

ზეპური _ ზეცის პურის მტე (ს.ს. ორბელიანი)



მოვხელავ ბილიკს ჩაშლილსა,
უნდოსა, ძნელად სავალსა,
გავყვები საცალფეხოსა
თქვენი სულისკენ მავალსა.



ლაზარეს

ღვთისა უტკბილეს რა იქნებოდა,
იყო და არცრა იყო რა, ლაზარე...
ბატონის წყარო დიოდა,
ჩუხჩუხით რასმე ჩიოდა,
ბურვანას ანწლი ღვიოდა
ყელს მძივი ჩამასდიოდა.
პაპიანთ ბატარა ქალას
ცხორი ცას მიუდიოდა,
ცხრა წყაროს, ცხრა მთის ხელმწიფეს
ბანს ია ამასდიოდა.
მგზოვანის წვერის ანგელოზს
კარს მთორე დაუდიოდა,
ნიავწვრილისა მხმობარი
გულსა ერთგულსა ჰკვლიობდა.
იყო და არცრა იყო რა,
მთას იქათ მზე ჩადიოდა,
ღვთის მადლით მანათობარი
მთას აქათ ამადიოდა.


წვიმის წყლის ძაფებს დავართავ
იოსებ ბურდულს

წვიმის წყლის ძაფებს დავართავ,
ცვარ-ნამს წამოვკრეფ დილბინდზე,
ღრუბლებს ქარებით ავკაფავ,
მზეზე დავაშრობ ფითილებს
კიოთ მავხელავ მასკვლავებს,
ქედას ჩამამხდარ მნათებსა,
მზესვე გამოვთხოვ საჩეჩელს
დავკონავ ყოილნართებსა.
შენთვინ ჩამავშლი ცის ბილიკს _
ცის ვარდნარს შვიდფერიანსა,
ჯაჭვის პერანგად ჩამავწნავ
მანანას იმ სევდიანსა,
უცვეთ საჩერნედ დავძახავ
მატალას თეთრ დარდს ქვიანსა.
აბჯრად აგასხამ ცრემლშიბას.
ბეგთარს დაგიქსოვ მზიანსა.
ვერრა ფრანგული ვერ გასჭრის
ხელთქმნილსა თილისმიანსა.
მემრე დაგხურავ დღის ნათელს,
სულშიდ დაგირგავ იასა,
გულს აგიყვავებ, დავვარსკვლავ
შენს წუხილს ბნელღამიანსა.
მხრებზედ მოგახვევ ჩემს მკლავებს
დაღალულ სურვილიანსა.
თმას ჩამოგიშლი გულმკერდზედ,
დავყუჩავ ტკივილტიალსა,
ჩემებრ ვერავინ იფარვებს
სალკლდესა სულსიპიანსა.




`მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი...~

დღისად ღამის გასაყარ
მზე და მთორე სთვლისა:
`ხავსით ნაქარგ სიპსა,
შვიდფერაის ღიმსა,
წყაროს ბროლა კბილსა,
შინდის ტკბილა მძივსა,
ციდამ ციმციმ ხსნილსა
მასკვლავთ ბმულა შიბსა.
პეპელაის თრთვილსა,
ცისნამაის ფსკვნილსა.
ბებერაის კალათას
თამარს ვუწყობთ მზითვსა,
სხო არცრაი მაჰგონავ,
ქარს ფთედ აჰკროდისა,
მიწას ჩამამცქირალი
ცრემლას ჩაშლიდისა~.


4.2.10

ავთანდილ ბურდული - "უჩინარი" ოსტატი


ახლა მე ვფიქრობ სასაფლაოზე,
მთაზე რომ მოჩანს ირმის ჯოგივით.....
თამაზ ბიბილური
«საფლავის ქვათა ოსტატები, განსხვავებით არქიტექტურულ ძეგლთა ავტორებისგან, თავის თავზე არავითარ მინიშნებას არ ტოვებენ...»
....სახელდობრ ვის? რა გვარ-სახელის კაცს ეპყრა ხელთ „ყრუ“ ქვის მჭრელი რკინის იარაღი ძნელი სათქმელია... - მათგან, ცოტა ვინმეს სახელი შემორჩა ხალხის ხსოვნასო.
«....ძველი მელექსეების დარად საფლავის ქვისმთლელები იუჩინარებენ თავს და ტოვებენ ანონიმურ ნიმუშებს, რომელთა მოხატულობა წრფელ აღფრთოვანებას იწვევს დღევანდელ „დამთვალიერებელში“...
«... ამ ბოლო წლებში ქვის ოსტატთა ასერიგად გაიშვიათებულ ტრადიციას მისდევს და ინახავს მთიულეთის სოფელ არახვეთის მკვიდრი ავთანდილ ბურდული. მას სახელოსნო საკუთარი სახლის ლაფაროში აქვს მოწყობილი. ქვა, როგორც ამბობს, ჯვრის უღელტეხილის საბადოდან ჩამოაქვს. ადგილზე მოჭრილი ლოდების ტრანსპორტირება დღეს დიდ სიძნელეებთან აღარ არის დაკავშირებული. ტექნიკის დახმარებით ადვილად ხერხდება შავი მასალის სოფლამდე მიტანა...
ავთანდილ ბურდულის ნამუშევრები, ძირითადა, მთიულეთისა და გუდამაყრის სოფლების სასაფლაოებზეა დალაგებული... ქვათა უმრავლესობის უმთავრესი მხატვრული დეტალებია ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლო - ჯვარი და ფეხმოკეცილი ჭედილა. ნაღვარევის, სეფეს, მაქართისა თუ ფასანაურის სამაროვნებზე მოხვედრილი კაცი სხვათაგან იოლად გამოარჩევს არახვეთელი ქვისმთლელის ხელწერას...
ავთანდილის მამა-პაპანიც, გოგა, ვასილ და ილიკო ბურდულები, ამ ხელობის მიმდევარნი ყოფილან. მათი მშვენიერი ნამუშევრების სიმრავლით გამოირჩევა უხმაურო ხევის პირას მდებარე არახვეთის სამაროვანი...
ავთანდილ ბურდული წუხს იმის გამო, რომ მის მონატეშარს ქვასთან «საუბრის» სურვილი აღარ აქვს და ისევე, როგორც ბევრი რამ, ძველი საქართველო მკაფიოდ გამოკვეთილი ეთნოკულტურული ყოფის ეს ერთი სახიერად ზნეობრივი წახნაგიც თანდათან იშლება, ახაფრება და სანთლით საძებარი ხდება ქვითხურო, ვისაც ესმის ყადრი და მნიშვნელობა თავის წინამორბედთა დაუმადლებელი დანატოვარისა...»
მთიულეთში დღეს ავთანდილ ბურდულზე ამბობენ: ჭირისუფალი უამბობსო, როგორი იყო გარდაცლილი წუთუსოფელში და ავთო სწორედ მის შესაფერ საფლავის ქვას კვეთსო....
ოსტატ ავთო ბურდულზე და სხვა მრავალ “უჩინარ“ ოსტატზე მოგვითხრობს არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც 2008 წლის ლიტერატურული პრემია «საბას» გამარჯვებული გახდა.
წიგნი-ალბომი „შენდობით მომიხსენიეთ“, ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის ავტორობით, 2007 წელს, ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრმა გამოსცა.
წიგნის რედაქტორი და მხატვარია თენგიზ მირზაშვილია.
ავტორებმა თავი მოუყარეს და ერთ წიგნში აკინძეს, ბარელიეფებითა და ეპიტაფიებით შემკულ, მხატვრული თვალსაზრისით უნიკალურ, ძველი ქართული მემორიალური კულტურის ნიმუშები - საფლავის ქვები.
როგორც ტალახში ჩავარდნილი მარგალიტს გაწმენდ და მზის შუქზე ელვარებას იწყებს, ისე, ამ საფლავის ქვების ფოტოგამოფენამ, საოცარ შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე და სათანადო შეფასებაც მოჰყვა:
«ღმერთო, ახლაღა მივხვდი, სად იწყებოდა ფიროსმანის უკვდავება, მის ღვთაებრივ სულს, გონებასა და თვალს ასეთი ეროვნული გენიალურობა (მაპატიოს ნიკალამ ეს „ხმამაღალი სიტყვა“) არ გამორჩებოდა.» - წერს შთაბეჭდილებათა წიგნში გივი შახნაზარი.
კიდევ ერთი:
«ძველთაგანვე ულამაზესი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ კაცს საფლავის ქვასთან, თუ გუთნის დედა იყო, ხარებს გამოჰკვეთავდნენ საფლავის ქვაზე, თუ მწყემსი იყო, ვერძს და, ასე, რა საქმესაც ემსახურებოდა ამ სოფელში. ახლაც უამრავი ასეთი შედევრი - საფლავია შემონახული ძველ სასაფლაოებზე“ - წერს გოდერძი ჩოხელი.
აქვე მისი ფილმი - აღდგომა გამახსენდა... მისი გმირი, საფლავის ქვის მეშვეობით, ახერხებს წინაპრებთან გამოლაპარაკებას, ალბათ იმიტომ რომ საფლავის ქვა, (სამარე) შესვენებულისაც არის და ჭირისუფალისაც, ის სააქაოსიც არის და საიქიოსიც, და არა მარტო ორის... სამ-არე, სამ-აროვანი სიტყვა მეუბნება რომ, აქ უფალიცაა...