ქრისტიანობა

ქრისტიანობა - ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. "აბრაამისეულ რელიგიებს".
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია - რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები - პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.
IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ-მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ-მონაზვნურ თემს - მონასტერს.
საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.
დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს - აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.თავდაპირველად ხუთივე პატრიარქის უფლება-მოვალეობები თანაბარი იყო და რომის პაპს არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა სხვა დანარცენ პატრიარქებთან შედარებით. რაც შეეხება სიტყვა "პაპს", ამ სახელს ყველა პატრიარქს უწოდებდნენ მამის, მოძღვრის გაგებით. შემდგომი ეს ტერმინი კონკრეტულად რომის პაპს დაუმკვიდრდა. რომის პაპების მიერ განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვება ორმა გარემოებამ გამოიწვია. ყოფილი დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე რომის პაპებს მეტოქეები არ ჰყავდათ და ისინი ერთადერთი პატრიარქები იყვნენ. ამასთანავე, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში მოისპო საიმპერატორო ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეზღუდა რომის პატრიარქების ძალაუფლება. 755 წელს, ფრანკთა მეფის პიპინ მოკლეს მიერ რომის პაპის ოლქის შექმნამ, რომის პაპები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უმაღლესი სასულიერო პირები იყვნენ, საერო ხელისუფლებითაც აღჭურვა.რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს - კათოლიკური
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდება, მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.

ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან:
1)

კათოლიციზმი


ტერმინი კათოლიციზმი მომდინარეობს ბერძნულიდან καθολικός (კათოლიკოს), რაც "საერთოს" ან "უნივერსალურს" ნიშნავს. კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს). სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს, ლუკა 22, 31-32-სა და იოანე 21, 15-17-ს

2)

პროტესტანტიზმი


პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან - XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ერთერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (*10 ნოემბერი, 1483― † 18 თებერვალი, 1546).
ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.
1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”.
ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.
რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.
რადგანაც პროტესტანტიზმი არ არის ერთი ეკლესია და შედგება ბევრი მიმდინარეობისგან, აღსანიშნავია მხოლოდ ის თეზისები, რაც აერთიანებს პროტესტანტულ ტრადიციაზე აღმოცენებულ ეკლესიათა უმეტესობას.
პროტესტანტები იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოდგენას ღმერთზე, იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და ნიკეო-კონსტანტინოპოლის აღსარებას, სწამთ სულის უკვდავების, იესოს მეორედ მოსვლის, საბოლოო განკითხვის და ცათა სასუფევლის. ამასთან ერთად, პროტესტანტიზმმა წამოაყენა 3 ძირითადი თეზისი: სულის ხსნა პერსონალური რწმენით, მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე და წმინდა წერილის განსაკუთრებული ავტორიტეტი.
Sola scriptura (მხოლოდ წერილი) - პროტესტანტებისთვის ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ყველა პროტესტანტის მთავარი ამოცანაა. წმინდა გადმოცემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ერთის მხრივ უარყოფა და მეორეს მხრივ აღიარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დანამატით: გადმოცემა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თეოლოგიური ნაშრომი და საკუთარი აზრიც კი) ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ის დაფუძნებულია ბიბლიაზე. სწორედ ეს დანამატი (და არა ღვთისმსახურების გამარტივების და გაიაფების მცდელობა) არის პროტესტანტული მიმდინარეობების მიერ ამა თუ იმ სწავლების და პრაქტიკის უარყოფის მიზეზი და სწორედ ამის გამო არის ამდენი მიმდინარეობა პროტესტანტიზმის შიგნით. რადგანაც ბიბლიის 34.000-ვე მუხლის ერთნაირად გაგება შეუძლებელია, მისი ინტერპრეტაცია იწვევს სხვადასხვა აზრის გაჩენას და ეს პროცესი ხანდახან დამოუკიდებელი ეკლესიების წარმოქმნით ბოლოვდებოდა. თუმცა ამ ეკლესიებს აერთიანებთ ერთი ტრადიცია და ძირითადი სწავლება მეტნაკლებად იდენტურია.
Sola fide (მხოლოდ რწმენით) - პროტესტანტები ასწავლიან რომ ცოდვამ შეცვალა ადამიანის ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია სულის ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და სიკეთის კეთებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. პროტესტანტები არ აუფასურებენ კეთილ საქმეებს, მათ მიაჩნიათ, რომ ზნეობრივი ცხოვრება არის რწმენის და ცოდვების პატიების გარდაუვლად თანმდევი ნაყოფი და არა ის პირობა, რის საფუძველზეც ღმერთი პატიობს ადამიანს ცოდვებს და ანიჭებს სულის ხსნას.
პროტესტანტების სწავლება: რწმენას მოაქვს პატიება და შედეგად კეთილი საქმეები
კათოლიკური სწავლება: რწმენას და კეთილ საქმეებს მოაქვთ შედეგად პატიება
სწორედ ეს თეზისი იყო მარტინ ლუთერის და სხვა რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი.
Sola gratia (მხოლოდ მადლი) - სულის ხსნას ვიღებთ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს ცოდვილმა დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო ქრისტეს დამსახურებით.
Solus Christus (მხოლოდ ქრისტე) - დოქტრინა იმის შესახებ, რომ ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ყველა მონათლულ ქრისტიანი იღებს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას და შეუძლია იქადაგოს სახარება. პროტესტანტობაში არ არსებობს დოგმატური განსხვავება მღვდელსა და საეროს შორის, ამიტომ ღვთისმსახურებს არა აქვთ თანამდებობა, მათ აქვთ მოვალეობა. ამგვარად უქმდება საეკლესიო იერარქია მისი ტრადიციული გაგებით. ამავე მიზეზის გამო არ არსებობს აღსარების საიდუმლო და ცოდვების პატიების რიტუალები, რომლებიც მღვდელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის წინაშე გულწრფელ მონანიებას და ცოდვის მიტოვებას, როგორც შინაგანი მონანიების გარეგან დადასტურებას.
Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით - არა მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით ჯვარზე, არამედ ამ გამოსყიდვის რწმენა იდება მორწმუნეთა გულებში სულიწმინდის მიერ. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი და უკანასკნელი” მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.
საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია მხოლოდ წყლით ნათლობა და ზიარება. გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე. ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს.

დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს. პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით.

პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი. ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი. საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.