მიხეილ სააკაშვილი საქართველო არის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მოდელი

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო არის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მოდელისაქართველო არის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მოდელი , _ ეს განცხადება, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მიუხედავად საფრთხეებისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა არ შეუწყვეტია და რეფორმებსა და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციას აგრძელებს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოსა და ამერიკას "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის" ფარგლებში თანამშრომლობისთვის იდეალური ფორმატი აქვთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქარტია მოიცავს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში. 
"საქართველო არის მოდელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისა, რაც რეგიონისთვის ბრწყინვალე მაგალითია. საქართველო არის ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყანა. მიუხედავად ოკუპირებისა, გამუდმებული საფრთხეებისა, ჩვენთან შეინიშნება ეკონომიკური ზრდა. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ინტეგრირებას დასავლეთის დემოკრატიულ სივრცეში და ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიის გზიდან. როცა ამ გზაზე ვდგავართ, ვიცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის მივიღოთ აშშ-ის მხარდაჭერა. აშშ ჩვენი სტრატეგიული პატრნიორია, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იდეალური ჩარჩოები მუდმივი თანამშრომლობისთვის, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ყველა საკითხს. ჩვენი ქარტია ემყარება ერთობლივ ღირებულებებს, რომლის გამოც ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა შეუქცევადია. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულებები, რომ ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლებები არის საფუძველი ნებისმიერი წარმატებისა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ. ჩვენი ურთიერთობების საფუძველზე ვაგრძელებთ საქმიანობას და ჩვენი პროგრესი არ შეიცვლება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.